ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოს გამსვლელ სხდომაზე, დაბა ურეკში იგეგმება.
მანამდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები განაგრძობენ ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ, დაფინანსების განკარგვისა და ეფექტური ხარჯვის მიზნობრიობის დეტალების გარკვევას.
საკრებულოს წევრები ანგარიშებს უშუალოდ სამსახურების ხელმძღვანელებისაგან ისმენენ და მათი საქმიანობის შეფასებას ახდენენ.
დღეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაზე შ.პ.ს. „მუნიციპალური ტრანსპორტის“ შესახებ იმსჯელეს. ყურადღება არასწორ მენეჯმენტსა და საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე გამახვილდა. ითქვა, რომ სამომავლოდ, ფისკალური შედეგის მისაღებად და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ტენდერის გზით გასხვისდეს, კერძო საკუთრებაში გადავიდეს მუნიციპალური ტრანსპორტი.
_ ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება პედაგოგები, სოციალურად დაუცველები და სხვა, განსაზღვრული კატეგორიის ადამიანები, _ აღნიშნეს კომისიის სხდომაზე.
შ.პ.ს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ბიუჯეტის პროექტში დაახლოებით 67 000 ლარითაა განსაზღვრული. დაფინანსდება თუ არა ამ თანხით "მუნიციპალური ტრანსპორტი“, ცნობილი ხვალ, დაბა ურეკში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდება.