დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, დაბა ურეკის კულტურის სახლში ჩატარდა.
გასვლითი სხდომის შესახებ ადრევე დააანონსეს. საკრებულოს 43 დეპუტატიდან, სხდომას 37დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ, მცირე საშინაო მიმოხილვა გააკეთა, მერე განმარტა, რომ სიტყვა "ბიუჯეტი“ ნიშნავს ტყავის ქისას, ხოლო როცა ადრეულ ინგლისში ხაზინის კანცლერი გამოდიოდა მოხსენებით ფინანსური დოკუმენტის შესახებ, წინ ფულის ტომარა ედო. ჩვენ არ გვიდევს ფულის ტომარა, მაგრამ რაც შეიძლება, ჩვენი ბიუჯეტი კარგი იქნებაო. შემდეგ მან სიტყვა გადასცა გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ქეთი მოისწრაფიშვილს. ქალბატონმა ქეთიმ დამდეგი ახალი წელი მიულოცა დეპუტატებს, სრულიად საქართველოს მასთან ერთად მიულოცა 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაც.
ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით მჟავანაძის ინიციატივით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ხსოვნას.
დღის წესრიგის პირველ და უმთავრეს საკითხზე: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“,_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების თაობაზე“, საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ 2015 წელს ოზურგეთის ბიუჯეტი 7 მილიონ 14 ათასი ლარით განისაზღვრება და პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. მამაკაიშვილმა მოკლედ ისაუბრა პარამეტრებზე და აღნიშნა ისიც, რომ ერთ საიდუმლოს გაუმხელდა დეპუტატებს, რაც ბიუჯეტში არ ჩანს. კურორტ გომისმთაზე მომავალ წელს შუქიც იქნება და გზაც დაიგება, რაც ჩვენში ტურიზმის სწრაფ განვითარებას მოასწავებს, საბოლოოდ კი ბიუჯეტის ზრდას ხელს შეუწყობსო.
ბიუჯეტის ირგვლივ მოსაზრება გამოთქვა ოზურგეთის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ. როგორც ყოველთვის, ახლაც მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი მხარეში საუკეთესო და წარმატებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას, რაც არაერთი საუკეთესო პროექტის განხორციელებით გამოიხატება. ასევე ისაუბრა განათლების შესახებ, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე და თქვა, რომ წარმატებული სტუდენტების დასახმარებლად 50 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ ბიუჯეტის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო დეპუტატებს და თქვა, რომ თითოეული თეთრი ისე უნდა იყოს გაწერილი, ნებისმიერ მოქალაქეს მისი წაკითხვა და დანახვა შეეძლოს, სად და რაში დაიხარჯება ის. ამასთანავე პირობა დადო, რომ 2017 წლის ბიუჯეტი იქნება ყველაზე სრულფასოვანი, რომელსაც მომდევნო ხელისუფლებას გადასცემენ.
დეპუტატებმა წარმოდგენილი სახით დაამტკიცეს 2015 წლის ოზურგეთის ბიუჯეტი.
მეორე საკითხის ირგვლივ: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ", _ ოზურგეთის საკრებულოს აგვისტოს დადგენილებაში ცვლილების შესახებ, კვლავ გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. კერძოდ, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 52.2 ათასი ლარით გაიზარდა.
შემცირდა მუნიციპალიტეტის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა, 22 ათასი ლარით, კულტურის ობიექტების დაფინანსება 15,9 ათასი ლარით, ვეტერანთა დაფინანსება 1,5 ათასი ლარით. მამაკაიშვილმა განმარტა, რომ სოციალურად დაუცველთა დახმარება არის მიზეზი იმისა, რომ გასული წლის ბიუჯეტში კიდევ ერთხელ მოხდეს ცვლილება.
რაც შეეხება დღის წესრიგის მესამე საკითხს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, _ შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ამირან გირკელიძემ ისაუბრა. მან განმარტა, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სოფელ ძიმითის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოებიდან , 1000 ლარი გადაიტანება ამავე სოფლისთვის წყლის მილების შესაძენად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დეპუტატებმა მესამე საკითხიც შენიშვნების გარეშე დაამტკიცეს, შემდეგ კი ურეკის კულტურის სახლში გამართულ კონცერტს დაესწრნენ, რომელიც მათთვის ჩატარდა ადგილობრივი ძალებით.