ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან, კურორტ ბახმაროდან 20 კილომეტრში, სოფელ ზოტიყელში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ვერტმფრენის დახმარებით დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა:
_ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მათი დახმარებით დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა. სამივე თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ვერტმფრენს არ გამოყვენ. სავარაუდოდ, გარდაცვლილი მეგობრის გვამის პოვნას ელოდებიან, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით ფეხით მიმავალი მაშველები გზაში არიან.
შეგახსენებთ, რომ 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის ბრიგადებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.