ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ წინასაახალწლოდ თანამშრომელთა ნაწილს პრემიები დაურიგეს.
მერის მრჩეველმა სოფო ჭანტურიამ 700 ლარი მიიღო; ვიცე მერმა ალეკო ბურჭულაძემ _ 1 615 ლარი; განყოფილების ხუთმა უფროსმა _ გიორგი ხუროშვილმა, თეა კვირკველიამ, დავით გორდელაძემ, შალვა გაბრიჩიძემ და თემურ მურვანიძემ _ 770-770 ლარი.
პრემია ხუთი სამსახურის უფროსსაც მისცეს _ მარიკა ნაცვალაძე, მერაბ წივწივაძე, მამია მახარაძე, მარინა ჯაფარიძე და კობა ხაბალაშვილი 950-950 ლარით წახალისდნენ.
გასული წლის მიწურულს, პრემია მერიის სამმა სპეციალისტმა _ თემურ გიორგაძემ, ირაკლი ანდღულაძემ და გენადი კიშინსკმა დაიმსახურეს, რომლებსაც 530-530 ლარი გადაეცათ.
მერიაში გაცემული წინასაახალწლო პრემიების ჯამმა 12 505 ლარი შეადგინა.
კითხვაზე _ რა ნიშნით შეარჩია ქალაქ ოზურგეთის მერმა დასაჯილდოებელი თანამშრომლები და რა დამსახურებისთვის მიიღეს წინასაახალწლო პრემია მერმა, წერილობით გვიპასუხა:
“მე, როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული თანამშრომლების შრომითი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერიის ყველა თანამშრომელი მუშაობს ნაყოფიერად, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლებს, რომლებზეც გაიცა პრემია, მოუხდათ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო სამსახურეობრივი საქმიანობის გახორციელება, მათ შორის არასამუშაო დროს, ფორსმაჟორულ რეჟიმში, რასაც წარმატებითა და კვალიფიციურად გაართვეს თავი. კანონმდებლობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწვეტილება მათ მიერ გახორციელებული სამსახურებრივი საქმიანობის დაფასებისა და მათი წახალისების შესახებ,"_აღნიშნავს ბეგლარ სიორიძე.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში პრემიები მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს დაურიგდათ _ აპარატის უფროსმა 950 ლარი მიიღო; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ _ 750 ლარი; აპარატის 3 სპეციალისტმა _ 680-680 ლარი; მდივან -რეფერენტმა _ 580 ლარი, რამაც ჯამში 4 320 ლარი შეადგინა.
"პრემირებულთა სიაში მოხვედრილ აპარატის თანამშრომლებს, დაკისრებული უფლებამოსილებების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მიეცათ პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,"_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ.
წინასაახალწლოდ პრემიები დარიგდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. ამისთვის, ბიუჯეტიდან 125 ათას 65 ლარი დაიხარჯა. პრემია საკრებულოს და გამგეობის ყველა თანამშრომელმა, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემაც მიიღეს.
“პრემიებთან დაკავშირებით, ეს მოხდა პირველად _ ამ ადამიანებს სჭირდებოდათ მოტივაცია, მათ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს. ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ამ ყველაფრის პრეზენტაციას, თუ რა შევძელით, რა გავაკეთეთ ამ ოთხი თვის განმავლობაში. გეტყვით პირდაპირ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ უარს ვამბობთ პრემიებზე _ არც გვაქვს მსგავსი ხარჯი გათვალისწინებული. პრემიები დარიგდა წინასაახალწლოდ თანამშრომლების შრომისუნარიანობის გაზრდისთვის _ ისინი მუშაობენ დატვირთულ რეჟიმში და მათთვის წახალისება აუცილებელია," _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.