პარასკევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. ახალი წლის პირველი სხდომის ასე ნაჩქარევად მოწვევა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ 10 იანვარს იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. სწორედ ეს სააგენტო უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტებში აქამდე არსებულ სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.
სხდომის პირველი ორი საკითხიც ამ თემას უკავშირდებოდა და დეპუტატებმა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე დაუჭირეს მხარი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარკვეული ქონების სარგებლობის უფლების გადაცემას. საუბარია იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურს დღესდღეობით გააჩნია.
დეპუტატებმა დანარჩენი ორი საკითხიც მალე მოილიეს. საუბარია გასული წლის სექტემბერში ლანჩხუთში დატრიალებული სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო თანხების გადმორიცხვაზე. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 2 მილიონი ლარი გამოგვიყო და ამ თანხების ასახვა უნდა მოვახდინოთ მუნიციპალიტეტის როგორც ბიუჯეტში, ასევე შესყიდვების გეგმაშიო. რა თქმა უნდა, საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ საკითხებს და სხდომაც ამით მორჩა.
სულ რაღაც 20 წუთს გაგრძელებულ სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ ხუმრობით გალაკტიონის ცნობილი ლექსის პერეფრაზირებით შეაფასა-"ასე ჩუმი, ასე წყნარი, სხდომა ჯერ არ გვახსოვს".