თბილისს ლეგენდარული მორბენალი და Wings For Life World Run-ის სპორტული დირექტორი ქოლინ ჯექსონი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, 22 იანვარს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული ბრიტანელი მძლეოსანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს სამინისტროში შეხვდა.
სამინისტროში მხარეებმა სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ კი სასტუმრო Rooms-ის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან, Wings For Life World Run-ის საქართველოს რბენის კეთილი ნების ელჩებთან და გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართეს.
პრესკონფერენციაზე ბრიტანელი სტუმარი, საქართველოს რბენის სპორტულმა დირექტორმა, სეულის ოლიმპიადის პრიზიორმა, მაია აზარაშვილმა წარადგინა.
ქოლინ ჯექსონი ლეგენდარული ათლეტია როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი სეულის ოლიმპადაზე 110 მეტრზე ბარიერულ სირბილში, ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.
ქოლინ ჯექსონს დამყარებული აქვს 12.91 წამიანი მსოფლიო რეკორდი 110 მეტრზე ბარიერულ სირბილში, რომლის გაუმჯობესება ათი წლის მანძილზე ვერავინ შეძლო, მისი შედეგი 60 მეტრიან სირბილზე კი დღემდე მსოფლიოში საუკეთესოდ რჩება. ის ასევე მწვრთნელი, მენეჯერი და BBC-ის წამყვანია.
ჯექსონი Wings For Life მსოფლიო რბენის დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. მის მოვალეობაში შედის მსოფლიო რბენის კონტროლი სპორტული და ტექნიკური კუთხით როგორც მოსამზადებელ პერიოდში, ასევე ღონისძიების მიმდინარეობის დროს.
მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 40 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.