"სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, აუცილებლად მოხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრული აღრიცხვა, _ ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აგროჟურნალისტიკის განვითარებისთვის გამართულ ტრენინგზე "გურია ნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია როგორც შეგროვებული ინფორმაციით, ასევე, თანამგზავრიდან მიღებული ფოტოების მეშვეობით მოხდება.
მინისტრმა ჩაის კულტურის განვითარების ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "აუცილებლად მოხდება ჩაის კულტურის რეაბილიტაცია“.
ოთარ დანელია ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრენინგს დაესწრო და სოფლის მეურნეობის რამდენიმე მტკივნეულ საკითხზე და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა, ამასთან ერთად გამოხატა სიხარული იმის გამო, რომ აგროჟურნალისტიკა მოწინავე პოზიციას იკავებს.
ცნობისთვის, "Mercy Corps -ის ალიანსების პროგრამა, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოში, თბილისში, აგროჟურნალისტიკის განვითარებისთვის სასტუმრო "ბეტსში" რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის სწავლებას ატარებს.
სწავლება ძირითადად აგროსაკითხებში საბაზისო და ტექნიკის საკითხების ირგვლივ ცოდნას ეხება.