რამდენიმე თვის წინ, ქართველმა მკითხველმა მორიგი საჩუქარი მიიღო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ნიჭიერმა პოეტმა და ძირძველმა გურულმა გიორგი კეკელიძემ, თანამემამულეების წინაშე თავისი პირველი პროზაული ნაწარმოები „გურული დღიურები“ წარადგინა.
„გურული დღიურები“ ახალ ჟანრში მისთვის ძალების მოსინჯვის პირველი მცდელობა გახლდათ.
„დებიუტი“ წარმატებული გამოდგა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „გურული დღიურები“ წლის ბესტსელერად დასახელდა და სულ რაღაც ორ თვეში მისი 10 000 ცალი გაიყიდა. წიგნი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მკითხველი მის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს.
რამდენიმე დღის წინ გიორგი კეკელიძეს სტუმრად ვეწვიეთ. უპირველესად გვაინტერესებდა წიგნის მიმართ თავად ავტორის აზრი და აპირებდა თუ არა ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას.
– მოხარული ვარ რომ ჩემი წიგნი თანამემამულე მკითხველმა თბილად მიიღო. ამ ჟანრში ჯერ არ მიმუშავია და „გურული დღიურები“ პირველი „ექსპერიმენტული“ მცდელობაა. საბედნიეროდ ნაშრომი წარმატებული გამოდგა და ხალხმა წიგნი გულთან ახლოს მიიტანა. თავად არ ველოდი, მაგრამ „გურული დღიურების“ 10 000 ცალი უკვე გაყიდულია, მოთხოვნა კი ჯერ კიდევ არსებობს. ყველაზე მეტად იმ ფაქტორმა გამახარა, რომ საქართველოში წიგნის სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს.
არაერთ მკითხველთან გასაუბრების შესაძლებლობა მომეცა და მივხვდი რომ ამ სახის ნაწარმოებს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. „დღევანდელ მძიმე ცხოვრებაში „გურულმა დღიურებმა“ არაერთი პრობლემა დროებით გადამავიწყა და რამდენიმე საათით სხვა სამყაროში გადამიყვანა“, – მითხრა ერთ-ერთმა მკითხველმა და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი გახლდათ. რასაკვირველია კრიტიკოსებიც არ მაკლდა და მაკლია. მესმის რომ წიგნი ყველას ერთნაირად ვერ მოეწონება, მაგრამ კრიტიკაც არსებობს. სერიოზული შენიშვნები ჯერ ვერ მოვისმინე. მგონია რომ ამ „მკითხველებს“ წიგნი წაკითხული არ აქვთ და მხოლოდ მისი გაყიდვების რაოდენობა აღიზიანებთ. საფუძვლიან და არგუმენტირებულ შენიშვნებს აუცილებლად მივიღებ, მაგრამ დაუსაბუთებულ კრიტიკას ნამდვილად არ ვუპასუხებ.
„გურული დღიურები“ ჩვეულებრივი ესეისტიკაა, რომელიც ავტორის პირად მოგონებებზეა დაფუძნებული. რასაკვირველია ქართული წიგნის ბაზარზე ამ სახის ლიტერატურაზე გარკვეული მოთხოვნა არსებობს და წიგნის პოპულარობის ერთ-ერთ ფაქტორად ეს მიმაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და „გურია – ნიუსს“ განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. თქვენმა ვებ-გვერდმა და გაზეთმა „გურული დღიურების“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ალბათ მკითხველს ემახსოვრება რომ წიგნის გამოცემამდე, მისი ცალკეული ფრაგმენტები თქვენთან იბეჭდებოდა.
_ თქვენი წიგნი გურიის რეგიონში როგორ მიიღეს?
– სიმართლეს გეტყვით. გურული მკითხველის სავარაუდო რეაქციაზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი. საბედნიეროდ მშობლიურ მხარეში „გურული დღიურები“ თბილად მიიღეს. რასაკვირველია ჰქონდათ გარკვეული შენიშვნებიც. იყვნენ ისეთებიც რომლებმაც პირდაპირ შემომჩივლეს რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ უკმარისობის შეგრძნება დარჩათ, რადგან სურდათ რომ „გურული დღიურები“ ფორმატით უფრო დიდი ყოფილიყო.
რასაკვირველია წიგნი მასში მოყვანილმა პერსონაჟებმაც წაიკითხეს და შეაფასეს. რამდენიმე ქალბატონმა პირადად დამირეკა და მომილოცა.
_ წიგნის ფასი – 10 ლარი ბევრს ეძვირება. საინტერესოა თავად გურიის რეგიონში რა რაოდენობით გაიყიდა?
– სამწუხაროდ წიგნის ფასი ჩემზე დამოკიდებული არ არის, ის უშუალოდ გამომცემლობის პრეროგატივაა. ახალი წლის წინ, „თბილისი მოლში“ წიგნების საერთაშორისო ფესტივალი მოეწყო და „გურული დღიურები“ 40 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდა. გურულებს შემიძლია ვუთხრა რომ მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთში „გურული დღიურების“ პრეზენტაცია მოეწყობა. ამ ღონისძიებას „ბიბლუსი“ ატარებს, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და წიგნი 40 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდება.
ვიცი, რომ თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო გამომცემლობამ წიგნი გურიის რეგიონში საჭირო რაოდენობით ვერ შეიტანა და იქაური მკითხველი უკმაყოფილო გახლდათ. 13 თებერვლიდან ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით რომ 5 თებერვალს, 17 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე „ბიბლუსი – გალერიში“ დაიწყება ჩემი დღემდე გამოცემული ყველა წიგნის გამოფენა გაყიდვა. ეს აქცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და წიგნები 20 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდება.
მოგახსენებთ იმასაც რომ ამ აქციის პირველ დღეს მუსიკოსი ზუმბას ახალი კომპოზიციის პრეზენტაციაც ჩატარდება.
ნება მომეცით წიგნის ფასს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე. რასაკვირველია ამის თაობაზე არაერთმა ადამიანმა მისაყვედურა. „გურული დღიურების“ გარკვეული ნაწილი ჩემი მშობლიური მხარის ბიბლიოთეკებს უკვე გადავეცი. ამის გარდა ცოტა ხნის წინ, მაღაზიათა ქსელმა „ლიბრამ“ წლის ბესტსელერისთვის განკუთვნილი პრიზი – 100 ლარი გადმომცა. ამ თანხით წიგნები (მათ შორის „გურული დღურებიც“) შევიძინე და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურების ბიბლიოთეკას საჩუქრად გადავეცი.
_ თუ აპირებთ „გურული დღიურების“ გაგრძელებას?
– აუცილებლად. მეტსაც გეტყვით, მასზე მუშაობა უკვე დავიწყე. ერთი პრობლემა კი ნამდვილად გამაჩნია. ჯერ ვერ გადამიწყვეტია ამ ახალი ნაშრომის სავარაუდო ფორმატი. ერთი ვიცი, რომ გაგრძელებაც პირად მოგონებებზე იქნება დაფუძნებული და რასაკვირველია მისი მთავარი გმირები ჩემი საყვარელი და სათაყვანებელი გურულები იქნებიან.
_ „გურული დღურების“ გარდა სხვა რა პროექტებზე მუშაობთ?
– ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქმიანობა დიდ დროსა და ენერგიას მართმევს. ამის მიუხედავად დროს ვნახულობ და ერთდროულად ორ თემას ვამუშავებ. „გურული დღიურების“ გაგრძელებაზე უკვე მოგახსენეთ. ამის გარდა ვმუშაობ წიგნზე, რომელიც ფეხბურთს ეხება. ამ ნაშრომს პირობითად ორ ნაწილად დავყოფდი. პირველ ნაწილში მკითხველს მივაწვდი ჩემს პირად საფეხბურთო მოგონებებს, მეორეში კი განვიხილავ საფეხბურთო ტერმინოლოგიის ისტორიას საქართველოში.
_ „გურული დღიურების“ გამოქვეყნებით თქვენ სხვა ქართველ მწერლებს ჩინებული მაგალითი მიეცით…
– კარგი შეკითხვაა. თუ „მიმბაძველები“ გამიჩნდება ამას მხოლოდ მივესალმები. აუცილებელი არ არის აჭარელმა ან იმერელმა მწერალმა თავისი კუთხის შესახებ „გურული დღიურების“ ანალოგიური წიგნი დაწეროს. საკუთარ მაგალითზე გეტყვით რომ არაერთ მხარეში მიმოგზაურია და თავის დროზე სვანეთისა და რაჭის თემაზე არაერთი მასალა დამიწერია. ალბათ საჭიროა რომ საქართველოს მოსახლეობა მშობლიური ისტორიით დავაინტერესოთ. აუცილებელია რომ ხალხმა წარსულს თვალი კიდევ ერთხელ გადახედოს.