ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ლანჩხუთში საჯარო მოხელეთათვის ხელფასების ზრდას. აღნიშნული საკითხი სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ გამოიტანა და საუბრისას აქცენტი საჯარო სამსახურის კანონის მოთხოვნებზე გააკეთა.
"კანონის შესაბამისად გამგეობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რანგირება უნდა მოხდეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დადგენილია საჯარო მოხელეთა შემდეგი რანგირების ხარისხი: მთავარი საჯარო თანამდებობა, უფროსი და წამყვანი საჯარო თანამდებობა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს საკლასო ჩინის მინიჭება. შესაბამისად ამ პროცესს მომზადებულად რომ შევხვდეთ აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა",_ განაცხადა რომან ბიწაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის დარეჯან ბურჭულაძის თქმით, მაშინ, როცა გამგებელი ამბობს, რომ ჩვენი მოსახლეობის 80% სოციალურად დაუცველია, უხერხულია ხელფასების გაზრდაზე საუბარი.
საკრებულოში პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ნონა მურვანიძე მიიცნევს, რომ კარგია ხელფასების გაზრდა, თუმცა ეს სხვა დასაქმეულ პირებსაც უნდა შეეხოთ. მათ შორის ექიმებს.
ხელფასების მატებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახა ასკურავაც მიესალმება.
"წინა მოწვევის საკრებულოსაც შეეძლო შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გაეზარდა გამგეობასა და საკრებულოში ანაზღაურება, თუმცა მთელი ერთი წლის განმავლობაში არ უსარგებლიათ ამ უფლებით. მე მივესალმები საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდას", -ასეთია ასკურავას პოზიცია.
საბოლოოდ, კენჭისყრაზე გასულ საკითხს დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.