საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო, ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.
ფსიქოლოგებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ 5 წლის ბავშვი სკოლაში მისასვლელად მზად არ არის და უმჯობესი იქნება, მშობლები შვილების 6 წლის შესრულებას თუ დაელოდებიან.
ასაკობრივი ცენზს გარკვეულწილად ეთანხმებიან მშობლები, თუმცა აღნიშნავენ, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც 31 იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი, სკოლაში მისვლის უფლება უნდა დართონ.
თუმცა განათლების სამინისტრო გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები დაიშვებიან, რომელთაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე (15 სექტემბრამდე) შეუსრულდებათ.
განათლების სამინისტროს ამ პოზიციას არ ეთანხმება მამა დავითი (ტატანაშვილი), რომელიც ამბობს, რომ ამ რეგულაციის შესახებ მშობლები დროულად უნდა გაეფრთხილებინათ:
"მე, პირადად, 100% ვეთანხმები, რომ სკოლაში ბავშვის ადრე შეყვანა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ აქ საქმე სხვა პრობლემასთან გვაქვს! მშობლები აუცილებლად ერთი ან ორი წლით ადრე უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი! რათა მათ დაებალანსებინათ ბავშვის სკოლისთვის მომზადების გრაფიკი! ჩემი შვილი 30 სექტემბერს ხდება 6 წლის! იგი დადიოდა სერიოზული დონის ბაღში და ახლა ირიცხება გამოსაშვებ ჯგუფში, სადაც უშუალოდ სკოლისთვის ამზადებენ! ისმის კითხვა: თუ ჩემ შვილს სკოლაში არ მიიღებენ, რა ვუყოთ ბავშვს, როდესაც სასწავლო წელი დაიწყება? სახლში ვერ დავსვამთ! იგივე გამოსაშვებ ჯგუფში დატოვება ბაშვისთვის სერიოზული ტრამვა იქნება! ამ კანონის ასე უცბად მიღება დაუშვებელია! ეს უფრო დიდ ტრავმას გამოიწვევს ბავშვებში, ვიდრე იმ ბავშვების არ მიღება, რომლებსაც რამდენიმე დღე აკლიათ 6 წლამდე!
ვფიქობ, რომ მინიმუმ წელს მაინც უნდა დაიშვას გამონაკლისი და დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები (როგორც შარშან იყო) დაუშვან სკოლაში! თუ არ მეშლება, წელიწადში დაახლოებით 30-40 ათასი ბავშვი შედის საქართველოში პირველ კლასში! აქედან დაახლოებით 5-10 ათასი იქნება ამ პრობლემის მქონე! არ ღირს ამდენი ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრამვად ეს რეგულაცია! პრობლემა მხოლოდ ამ წელსაა, იქითა წლისთვის ყველა თავისთავად ინფორმირებული იქნება! კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მე პირადად მომხრე ვარ, რომ ბავშვი 6 წლიდან უნდა შედიოდეს სკოლაში! რეგულაცია კარგია, მაგრამ სიჩქარე ამ რეგულაციაში დაუშვებელია! მინიმუმ ერთი წლით ადრე (თუ არა 2 წლით) უნდა ყოფილიყვნენ მშობლები ინფორმირებულნი! მშობლებს, რომ არ წამოეწიათ ეს პრობლემა, ბავშვების რეგისტრაციამდე არც არაფრის გასაჯაროვებას არ აპირებდა სამინისტრო! ასეთი დონის შეცდომები დაუშვებელია განათლების სამინისტროში!
ვთხოვ, ყველა ორგანოს, ვინც ამასთან დაკავშირებულია, მოახდინეთ რეაგირება! ასევე ვთხოვ არასამთვრობოებს, რომ გამოაფხიზლონ, ვინც საჭიროა! ამ მძიმე ფონზე დამატებითი პრობლემები ნამდვილად ზედმეტია! მინიმუმ ამ რეგულაციით 8 ათას ოჯახს ვუქმნით პრობლემას, ეს კი 30 ათას კაცზე მეტია!
ვთხოვ, საქართველოს საპატრიარქოსაც, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით!
ამ საკითხით პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც უნდა დაინტერესდნენ!
ჩემი სურვილია, გაკეთდეს პეტიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მარტო მშობლები, არამედ ყველა საზრიანი ადამიანი, ვინც ზრუნავს ჩვენ პატარებზე და ზოგადად, მომავალზე, ჩაერთონ ამ საკითხის მოგვარებაში!
შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ძალიან ვამძიმებ პრობლემას, მაგრამ დამიჯერეთ ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ! საქმე ეხება 10 ათას ბავშვს და 10 ათას ოჯახს! იმით დიდი არაფერი დაშავდება, რომ წელს დაიშვას გამონაკლისი!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ იყვნენ მშობლები ინფორმირებულნი მინიმუმ ერთი წლით ადრე! ეს იწვევს ბავშვის სერიოზულ ტრამვას! ბავშვს ვერც ბაღში დავტოვებთ, იგივე მოსამზადებელი პროგრამის გასავლელად და ვერც სახლში დავსვამთ! ამით უფრო ზიანდება ბავშვი, ვიდრე იმით, რომ 5 წლის და 11 თვის შეგვყავს სკოლაში! მაშინ გვირჩიოს განათლების სამინისტრომ სად წავიყვანოთ ეს ბავშვები?!" _ ამბობს მამა დავითი.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში მზად აქვთ პროგრამა, რომლებსაც ბაღებს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შესთავაზებენ.