სპეცოპერაციისას, 26 წლის ოლეგ მესხიძე, სამართალდამცველებმა საკუთარი სახლის წინ, მისი, ბიძაშვილებისა და მეზობლების თვალწინ მოკლეს.
ძებნილი, რომლის ფოტოც პოლიციას არ გააჩნდა, მათ მას შემდეგ ჩაბარდა, რაც სამართალდამცველებმა მისი ოჯახის წევრები დააკავეს და სროლა დაუწყეს. თვითმხილველების და პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ჩაბარებული მესხიძის ბედი ერთმა სატელეფონო ზარმა, უფრო დაზუსტებით კი ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა და უფრო მეტი რწმუნებისთვის, მას საკონტროლო გასროლაც გაუკეთეს.
1996 წლის ზაფხულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები 15 წლის ოლეგ მესხიძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში ახლობელს ქორწილში გაყვა.
ქორწილს იმავე სოფლის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე თამადობდა. ქორწილში ჩხუბი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ოლეგიც იყო. თამადამ მოჩხუბრები გააშველა და ოლეგ მესხიძეს ქორწილი დაატოვებინა. ეს ინციდენტი 15 წლის მესხიძემ შეურაცხყოფად მიიღო, ქორწილიდან წამოსულ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს გზაზე ჩაუსაფრდა და დანით ფეხში დაჭრა.
დაჭრილი საავადმყოფოში იმ ღამით ვერ ჩაიყვანეს, მეორე დღეს კი იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, 15 წლის ოლეგ მესხიძე სამართალდამცავებს ჩაბარდა, სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი დაზარალებულმა მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ ორი წელი დაუმატა.
1999 წელს, ოლეგ მესხიძე არასრულწლოვანთა კოლონიიდან რუსთავის ციხის მეორე ზონაში გადაიყვანეს.
2003 წლის 10 სექტემბერს, რუსთავის მეორე ზონაში პატიმართა მასობრივი გაქცევა მოეწყო _ 129 პატიმარს შორის იყო მესხიძეც. მას შემდეგ მასზე ძებნა გამოაცხადეს. ძებნილის დაკავებას ისიც ართულებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მისი ბავშვობისდროინდელი ფოტო ჰქონდა, შესაბამისად, რთული იყო 15 წლის მოზარდის ფოტოთი 26 წლის ახალგაზრდა ამოეცნოთ.
ჩვენი წყაროს ცნობით, 2007 წლის 2 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომლის ემზარ კობალაძის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ოლეგ მესხიძე საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
„გურია ნიუსის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ტელეფონოგრამაში, ნომრით #162 (ელექტრონული ფოსტის ნომერი 194931, 2007 წელი, 2 ოქტომბერი, 21 საათი) ვკითხულობთ:
„2 ოქტომბერს, შს ოზურგეთის რაიგანყოფილებისა და აჭარის სამმართველოს საგანგებო დავალებათა რაზმის თანამშრომლებთან ერთობლივად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაბა ლაითურში ჩატარებული იქნა ღონისძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378 და 379 მუხლებით ძებნაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ოლეგ ნოდარის ძე მესხიძის (ძებნის საქმე 117/052/03) დასაკავებლად.
ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით გაწეული წინააღმდეგობისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლიციის კაპიტანმა 1980 წელს დაბადებულმა მურმან ცირდავამ, აჭარის საგანგებო დავალებათა რაზმის თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებულმა მალხაზ ცეცხლაძემ და 1982 წელს დაბადებულმა ვახტანგ თავართქილაძემ.
საპასუხო სროლის შედეგად, ადგილზე ლიკვიდირებული იქნა ოლეგ მესხიძე. ხოლო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული იქნენ ოლეგ მესხიძის მამა, ნოდარ ომარის ძე მესხიძე, ბიძაშვილები _ ჯემალ ანზორის ძე მესხიძე და ბადრი რეზოს ძე მესხიძე. ოლეგ მესხიძის სახლიდან კი ამოღებული იქნა აკმ-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდითა და 267 საბრძოლო ვაზნით, 1 ცალი ბრონირებული ჟილეტი და ერგედე 5-ის ტიპის ხელყუმბარა.“
თუმცა, ოფიციალურისგან განსხვავებულ ამბავს ყვებიან ლიკვიდირებული მესხიძის მამა და მეზობლები, რომლებიც 2007 წლის 2 ოქტომბერს ლაითურში განვითარებულ მოვლენებს ფანჯრებიდან ადევნებდნენ თვალს.
ნოდარ მესხიძის თქმით, ოლეგი ბიძაშვილებთან ერთად ბანქოს თამაშობდა, როცა პოლიცია მოვიდა. ამბობს, რომ სროლა ორივე მხარეს იყო:
_ კი, ოლეგიმაც ისროლა. შემდეგ ჩვენ, ყველანი, 4 კაცი, გარეთ გავედით საკუთარი ნებით. მიწაზე დაგვაწვინეს და ცემა დაგვიწყეს. ამის შემდეგ ოლეგი გარეთ გამოვიდა. მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ, ესენი უდანაშაულო ხალხია და გაუშვითო. იარაღი დაყარა და პოლიციას ჩაბარდა. იმათ კი ესროლეს და შემდეგ საკონტროლო გასროლაც გააკეთეს, _ ამბობს ნოდარ მესხიძე.
გარდაცვლილის მამამ ის ადგილიც გვაჩვენა, სადაც ოლეგი მოკლეს. სახლის წინ მოკლული ახალგაზრდა, მამის ინფორმაციით, პოლიციელებმა სახლში შეიყვანეს და ოთახში დაასვენეს:
_ თქვეს, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს სახლში მოკლეს. რეალურად კი ცოცხლად ჩაბარებული შვილი მომიკლეს. დაეჭირათ და მიესაჯათ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, რატომ მიკლავდნენ?! _ ამბობს ნოდარ მესხიძე.
იგივეს ამბობენ ოლეგ მესხიძის მეზობლები. ერთ-ერთი იხსენებს, თუ როგორ დააწვინეს ტრუსების ამარა 4 ადამიანი მიწაზე და როგორ დაუწყეს მათ სროლა. მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ოლეგი სახლიდან:
_ პოლიციელებს უთხრა, გბარდებით, ესენი გაუშვით, უდანაშაულონი არიანო. ფანჯრიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს და ყველაფერი გვესმოდა. ჩაბარებული ადამიანი მოკლეს და შემდეგ საკონტროლო გასროლაც გააკეთეს, _ გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.
კიდევ ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ სპეცოპერაცია 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და სროლების გამო, ახლოს მოსვლას ვერავინ ახერხებდა. ამბობს იმასაც, რომ სამართალდამცველები დაკავებულ ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ.
ნოდარ მესხიძე იხსენებს, რომ შვილის დაკრძალვას მხოლოდ იმ მიზეზით ვერ დაესწრო, რომ სასტიკად იყო ნაცემი.
_ კონდახები მირტყეს თავში. მეც და სხვა დაკავებულებსაც, _ ამბობს ლიკვიდირებულის მამა, რომელსაც 5 წლის წინანდელი იარები სახეზე ახლაც ეტყობა.
პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩაბარებული მესხიძის ლიკვიდაცია ერთმა სატელეფონო ზარმა გადაწყვიტა. წყარო ამტკიცებს, რომ დაკავებულის სიკვდილის ბრძანება უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა გასცა იმ მოტივით, რომ მესხიძე მათ ცოცხალი არ სჭირდებოდათ:
_ იმ პერიოდში, სამმართველოს უფროსს, ბესო გელენიძეს ზემდგომთან საქმე გაფუჭებული ჰქონდა. 3 ოქტომბერს თბილისში იყო დაბარებული _ მინისტრი მას სამსახურიდან ათავისუფლებდა. სპეცოპერაცია 2 ოქტომბრის გამთენიისას დაიგეგმა. პოლიციელ კობალაძის მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ მესხიძე უნდა აეყვანათ. საქმეში აჭარის სპეცრაზმი ჩაერთო. ნაჩქარევად დაგეგმილმა ოპერაციამ ყველასთვის ცუდი შედეგი მოიტანა. სამი პოლიციელი დაიჭრა. მერაბიშვილს მაშინ დაურეკეს, როდესაც ოპერაცია დასრულებული იყო და მესხიძე დაკავებული ჰყავდათ. სიტუაცია როცა აუხსნეს, მიიღეს დირექტივა, რომ მესხიძის ლიკვიდაცია უნდა გახორციელებულიყო, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ამ ვერსიას ნოდარ მესხიძეც ადასტურებს:
_ ვანო მერაბიშვილს უნდოდა. მისი ბრძანებით მოხდა ყველაფერი. ღმერთმა იცის, რა საქმეები მიაწერეს გარდაცვლილს. ესენი ხომ ყოველთვის ასე იქცევიან, _ დასძენს ნოდარ მესხიძე, რომლის თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში სიმართლის დასადგენად ბრძოლას აზრი არ ჰქონდა:
_ იმ ხელისუფლებამ ბევრი ადამიანი მოკლა. ბევრმა იბრძოლა და ვერავინ ვერაფერს მიაღწია. ვინც ბრძოლა დაიწყო, იმათ სასტიკად გაუსწორდნენ. აზრი არ ჰქონდა ჩემს ბრძოლას და ამიტომაც არ მიბრძოლია, _ დასძენს მესხიძე, რომელსაც ახლა სიმართლის პოვნის იმედი გაუჩნდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ქმნის იმის საფუძველს, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყოს.
_ ჩაბარებული ადამიანის ლიკვიდაცია სისხლის სამართლის დანაშაულია. ის, რაც თქვენ მითხარით, თუ დადასტურდა, საფუძველია იმისა, რომ დაიწყოს მოკვლევა, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.
ჩვენ შევეცადეთ ამ სპეცოპერაციის დეტალებზე ოფიციალური კომენტარები მონაწილე პირებისგან მოგვეპოვებინა.
ემზარ კობალაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჩვენი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომენტარი არც სხვა პოლიციელებმა გააკეთეს.
ჩვენ ხელთ არსებული ტელეფონის ნომერი, რომელიც გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს და აღნიშნული სპეცოპერაციის ხელმძღვანელს, ბესო გელენიძეს ეკუთვნოდა, გამორთულია.
ასევე მიუწვდომელი იყო მურმან ცირდავაც, რომლის მიმართ კიდევ ერთი შეკითხვაც არსებობს _ ჩვენი წყაროს თქმით, ცირდავა სპეცოპერაციის დროს, მესხიძის ნასროლი ტყვიით არ დაჭრილა.
წყარო ამბობს, რომ მურმან ცირდავას კოლეგის ნასროლი ტყვია მოხვდა, თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი მესხიძეს მიაწერეს (სხვათა შორის, მურმან ცირდავა სისხლიან 26 მაისს გადაღებულ კადრებშიც ფიგურირებს. ავტ. (იხ. ლინკი).
ოფიციალური კომენტარებით ვერა, თუმცა, წყაროების დახმარებით გავარკვიეთ, რომ ამ სპეცოპერაციის მეორე დღეს, ოზურგეთში ჩამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 000-ლარიანი საპრემიო ფონდი გამოყო და სპეცოპერაციის მონაწილეები დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს იმ დროინდელი უფროსი ბესო გელენიძე, რომელსაც 4 000 ლარი მისცეს და დაჭრილი მურმან ცირდავა.
ოლეგ მესხიძის საქმის პროკურორი დღეს დაწინაურებულია. მაღალ თანამდებობებზე არიან ის პოლიციელებიც, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
მესხიძის საქმეზე „გურია ნიუსმა“ საგამოძიებო ფილმი ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს მოამზადა. ფილმში, თვითმხილველები დეტალებს ყვებიან. მიუხედავად ამისა, საქმეზე ძიება არავის დაუწყია.
იხილეთ ფილმი: რა საჭიროა სასამართლო? _ დახვრიტეთ!