დაბა ურეკში, სასტუმრო "კოლხიდაში" სულ რამდენიმე დღეა სამწვრთნელო შეკრებისთვის შეიკრიბა საფეხბურთო კლუბი "გურია" და სამშაბათს პირველი სპარინგ-მატჩიც ჩაატარა.
ლანჩხუთელთა მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის პირველლიგოსანი "ქედა" გახლდათ. მატჩი პირველი ტაიმი ფრედ 1-1 მორჩა, მეორე ტაიმში კი "ქედელებმა" ერთი გოლი მიამატეს და მთლიანობაში მეტოქეს 2-1 სძლიეს.
თემურ ლორიამ ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა. პირველ ტაიმში ლანჩხუთელთა კარს ქებიძე იცავდა, დაცვაში ჭეიშვილი, ცინცაძე, ჩიხრაძე და მჭედლიშვილი ირჯებოდნენ. შუა ხაზში ღაღანიძე, გაბრიჭიძე, შალამბერიძე და კოშკაძე მოქმედებდნენ, წინ კი წილოსანი-მათიაშვილის დუეტი უტევდა.
შესვენების შემდეგ ქებიძემ კი დაიწყო, თუმცა მალე იმერლიშვილმა შეცვალა. დაცვაში ჭეიშვილს აფხაზავა, ხუმარაშვილი და კოხრეიძე დაეხმარნენ. ნახევარდაცვაში რეხვიაშვილი, ინგოროყვა, კილაძე და მოსიაშვილი გამოჩნდნენ, შემტევებად კი – გოროზია და ღაღანიძე.