ოზურგეთის რაიონული სასამართლო ბრალდებული პირის მიერ მოსამართლესა და პროკურორზე მიყენებულ შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს.
"2014 წლის 20 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუა განიხილავდა ბრალდებულ რიჩარდ ცქვიტინიძის, ნოდარ ცაგარეიშვილისა და გიორგი ზაქარეიშვილის სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლოს კოდექსის 19, 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ქურდობის მცდელობასა და ქურდობას.
მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების: რიჩარდ ცქვიტინიძის და გიორგი ზაქარეიშვილის მიმართ გამოცხადდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ნოდარ ცაგარეიშვილის მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომა, მსჯავრდებულმა რიჩარდ ცქვიტინიძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ნოდარ ცაგარეიშვილს, რის გამოც რიჩარდ ცქვიტინიძეს მოსამართლემ მიუთითა შეეწყვიტა საუბარი და დაეცვა წესრიგი სასამართლო სხდომაზე. მიუხედავად გაფრთხილებისა, რიჩარდ ცქვიტინიძემ არ გაითვალისწინა მოსამართლის მითითება, რის გამოც გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. საბადრაგო სამსახურის მიერ მსჯავრდებულის გაყვანამდე მან არაერთხელ შეაგინა მოსამართლესა და პროკურორს, შემდგომ დაუსხლტა ხელიდან ბადრაგს და პროკურორს დაარტყა ხელი.
რიჩარდ ცქვიტინიძის ქმედება აღკვეთილ იქნა სასამართლოს მანდატურის მიერ და საბადრაგო სამსახურმა იგი შეიყვანა პატიმრების დროებითი მოთავსების საკანში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, სხდომის დარბაზში დამსწრე პირებმა დაარღვიეს წესრიგი, რაც გამოიხატა ხმამაღალ შეძახილებში. მოსამართლემ წესრიგის დარღვევის გამო დახურა სასამართლო სხდომა. მსჯავრდებულმა გიორგი ზაქარეიშვილმა გამოხატა უკმაყოფილება, მოსამართლის მიერ შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით და არაერთხელ შეაგინა მოსამართლეს, რის გამოც იგი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან.
სასამართლოს სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).
2014 წლის 27 ნოემბერს რიჩარდ ცქვიტინიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო გიორგი ზაქარეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2015 წლის 21 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს.
სასამართლო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან გადამეტებული, დაუზუსტებელი თუ დამახინჯებული შეფასება და საზოგადოებისთვის მხოლოდ ზედაპირული ფაქტების მიწოდება აზიანებს მართლმსაჯულების იმიჯს.
სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რაც ქვეყნის ღირსეულ განვითარებას შეუწყობს ხელს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: