საქართველოს მთავრობა USAID-თან პროექტის – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) ფარგლებში თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.
ხუთწლიანი პროექტის ბიუჯეტი 9 მილიონი დოლარია და მისი მიზანია საქართველოში მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტურობის ამაღლება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
GGI დაეხმარება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, გაამყარებს კავშირს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მმართველობის ძირითად პროცესებში. „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარტნიორ სამთავრობო სტრუქტურებს, ასევე დაეხმარება მათ შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ტრენინგების ორგანიზებაში.
პროექტის დეტალებზე USAID-ის წარმომადგენლებმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია, რომ ახალი პროექტის დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს ემთხვევა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.
საქართველოს მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობდა პროგრამის – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) ფარგლებში, რომელიც წარმატებით განხორციელდა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო – ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო დონეებზე დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საჯარო კომუნიკაციის სივრცის შექმნა მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მათ მიერ არჩეულ მოხელეებთან, მედიასთან თუ პოლიტიკური პარტიების წევრებთან დიალოგისთვის.