შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ამხილეს და დააკავეს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები 1968 წელს დაბადებული ვასილ გოგოლაძე და 1973 წელს დაბადებული გოჩა კოპაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ბორჯომის სადგურის“ ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და „ბორჯომის სადგურის“ მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე, 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში „ბორჯომის სადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს.
თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებას წარმოადგენდა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.