მეძავეობის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ადანაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთა ასაკი 29-დან 45 წლამდეა.
დაკავების ოპერაციას პოლიცია რამდენიმე დღით ადრე ამზადებდა და ამისათვის დაკავებულებს ერთერთ სასტუმროში კლიენტი მიუგზავნეს, რა დროსაც მათი დაკავება განახორციელეს.
დაკავების დროს ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ იგი მეძავეობას კი არ ეწეოდა, არამედ გოგონებს მსახიობებად ამზადებდა, რომ შემდგომში მათ სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობა მიეღოთ.
ინტერნეტგამოცემა www.gazetevatan.com-ის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცველებს ეყრდნობა დაკავებულები მეძავეობისათვის ერთი კლიენტისაგან დაახლოებით 400 თურქულ ლირას (დაახლოებით 300 ქართული ლარი) იღებდნენ და დღეში 40-მდე კლიენტს ემსახურებოდნენ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავების მეხუთე შემთხვევაა და საერთო ჯამში ამ ბრალდებით 30-მდე ადამიანი დააკავეს.
ყველაზე გახმაურებული შემთხვევა კი ახალი წლის დღეებში იყო, როცა საქორწინო მოგზაურობაში მყოფი თბილისელი გოგონა ანტალიაში პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით დააკავა.
გამოყენებულია www.gazetevatan.com-ის ინფორმაცია.