"ახალგაზრდა ადვოკატები" "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წინააღმდეგ, გაზრდილი გაზის ტარიფის გამო, სარჩელს შეიტანს
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 მარტიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზრდება.
"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" 2015 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება გაზის მომხმარებელ იურიდიულ პირებს გაეზარდოთ მომსახურების ტარიფი და მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვროს ყოველი 1000 მ3 გაზისათვის 900 ლარით, წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას, ხელშეკრულების ცვლილების ცალმხრივ მიზანს და მიუთითებს კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების მცდელობებზე. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან დადებული აქვს ვადიანი ხელშეკრულებები, რომლის ცალმხრივი შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა, სერიოზულ ზიანს აყენებს იურიდიული პირების საქმიანობას და პირდაპირ არღვევს მომხმარებლის უფლებებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კომერციული ინტერესები არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს. გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლები დამოკიდებულია გრანტის ფინანსურ ნაწილზე და დონორთან უკვე შეთანხმებულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, კომუნალური გადასახადები. მიგვაჩნია, რომ კომპანიის ოფიციალური განცხადება, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო გაიზარდოს გაზის ტარიფი, არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლება იყოს. კითხვებს ბადებს გარემოება, თუ რატომ ხდება გაზის გაძვირება მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. ამასთან, რამდენად სამართლიანია კომპანიის მხრიდან შემოთაავზებული ახალი სატარიფო პოლიტიკა, როდესაც "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაზის ტარიფს აძვირებს 20%, ხოლო გასულ წლებთან შედარებით, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებით ინფლაცია, მხოლოდ 12-13%-ის შუალედში მერყეობს.
ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმოს იმ გარემოებასაც, რა დროსაც "ყაზტრანსგაზ-თბილისი", იურიდიული პირებისგან იმპერატიულად მოითხოვს წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე თანხმობას 2015 წლის 7 თებერვლამდე, მაშინ, როდესაც კომპანიის ახალი სატაიფო გეგმა, 2015 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს. არ არსებობს კომპანიის მხრიდან გონივრული ვადა, რომელიც ცვლილებების შეფასებას დაეთმობოდა. ასეთი ფორსირებული მოქმედებები, კომპანიის კეთილსინდისიერების საკითხზე, კიდევ უფრო მეტად მიუთითებს. ამასთან, ანალიზსს მოითხოვს წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების კონტექსტი და მიზანი, რომელიც ცალკეული ანალიტიკოსების შეფასებით, თავდაპირველად მოსახლეობის მღელვარების შექმნას ემსახურებოდა. კომპანიამ უნდა განმარტოს, კერძო პირებზე გაზის ახალი სატარიფო პოლიტიკის ამოქმედებაზე უარი, მთავრობის ჩარევის რა ფორმას ატარებდა და რატომ აღმოჩნდა თავდაპირველი ცვლილებების მსხვერპლი – ახლა უკვე იურიდიული პირები.
"ახალგაზრდა ადვოკატები" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" საკითხთან დაკავშირებით განმარტებებსა და მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს. ორგანიზაცია მიმართავს სხვა იურიდიულ პირებს, ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი ცვლილებების მიმართ.