შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს მართვის მოწმობის აღება, 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე, თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
"სსიპ – საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღება 2015 წლის 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე შესაძლებელია თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები მიმდინარეობს უცვლელი წესით."_ აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უწყება მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია – მართვის თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე აღების შესახებ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა – "მართვის მოწმობა თეორიის გარეშე, აქცია 6 თებევრლიდან 26 თებერვლამდე, "პრავის" აღება თეორიის გარეშე იქნება შესაძლებელი, 30 წლამდე განურჩევლად სქესისა".