"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს:
"ბოლო პერიოდში, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში მძიმე დანაშაულებრივი და ეკონომიკური ვითარების გადაფარვას. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ირაკლი ფირცხალავას და პოლიციის სხვა ოფიცრების დაკავშირება ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან არის სამართლებრივი სიბეცე და გაუგონარი ცილისწამება.
ბატონი ფირცხალავასთვის ცნობილი იყო, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები და ინტერნეტ საშუალებები მთლიანად კონტროლდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და აბსურდია იმის მტკიცება, რომ ბატონი ფირცხალავა რაიმე სახით დაკავშირებულია აწ გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან.
მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე გამოძიება არ გასცემს პასუხს ყველა კითხვას ვთხოვთ, არ გააკეთონ მცდარი დასკვნები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ", _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.