ტურისტული აპლიკაცია Pathway ესტონეთში, ქალაქ ტარტუში გამართული ერთ კვირიანი Startup Camp–ის ერთ–ერთი გამარჯვებული გახდა. პროგრამული უზრუნველყოფის ჰაკათონში ქართველების მიერმა შექმნილმა აპლიკაციამ კომპანია Microsoft-ის რჩეული პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ ეტაპზე პროდუქტი მხოლოდ Windows Phone–ისთვისაა ხელმისაწვდომი.
მოგზაურობა ყოველთვის მისი დაგეგმვით იწყება. ამ პროცესს კი ძალიან დიდი დრო მიაქვს საჭირო ინფორმაციის საიტებსა თუ Facebook ჯგუფეში ძებნით. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ქართველთა ჯგუფმა Pathway–მ ტურისტული აპლიკაცია შექმნა. დაწვრილებით პროდუქტისა და მიღწეული წარმატების შესახებ ,,ზეტს“ ჯგუფის ერთ–ერთი წევრი ილია აფციაური ესაუბრა.
,,მოკლედ რომ ვთქვა, აპლიკაცია Pathway მოგზაურთა სოციალური ქსელია. შევქმენით საიტის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებელს ტურისტული მარშრუტებისა და მათი აღწერის დამატების შესაძლებლობას მისცემს. სხვა მომხმარებელს კი ამ ყველაფრის დათვალიერება და გამოხმაურება შეეძლება: რა მოეწონა, რა არა, როგორია მისი შეფასება. ამის გაკეთება როგორც საიტზე, ისე ტელეფონის მეშვეობით ხდება. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთის ფოლოუერებიც გახდნენ.“
ილია აფციაური და მისი გუნდის წევრები: ლევან კოხრეიძე, ევგენი საბანინი და დანიელ კუცინია ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობენ. სწორედ უნივერსიტეტი იყო ამ ღონისძების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ,,ეს ჩვენი პირველი გამოსვლა იყო საერთაშორისო კონკურსზე. გუნდებს შორის იგრძნობოდა კონკურენცია, ერთმანეთს დახმარებისთვისაც საკმაოდ ხშირად მივმართავდით. დღეში სამი საათის განმავლობაში გვესაუბრებოდნენ პროფესიონალი მენტორები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, პროტოტიპი სრულყოფილი გამოგვსვლოდა. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდით და საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მივიღეთ,“ ამბობს აფციაური.
მისივე თქმით, იდეის საფუძველი მათმა ლექტორმა, სერგო ცირამუამ ჯერ კიდევ საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დროს მოაწოდა. ჯგუფის წევრებმა კი ის უფრო განავრცეს და დახვეწეს.
პროდუქტი უკვე წარმატებულია, თუმცა მან საბოლოო სახე რომ მიიღოს, ჯერ კიდევ ბევრი ნუანსია დასახვეწი. Windows Phone–ის პლათფორმის გარდა, აპლიკაციას Android და IOS–ისთვისაც შექმნიან. ამასთან, საიტი დაიხვეწება როგორც დიზაინერული, ასევე ფუნქციონალური თვალსაზრისითაც.