გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა, პარტიის წევრებმა და დაცვის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მიმართეს.
ტექსტში, რომელსაც ხელი ბრიფინგში მონაწილე 20-მდე ადამიანმა მოაწერა, აღნიშნულია, რომ "დეგრადირებული და ზნეობისაგან სრულად დაცლილი მარგინალების ერთი ჯგუფი განუწყვეტლივ წამლავს, ცილს სწამებს და სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას".
ტექსტის ავტორები მიმართავენ მედიას, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნუ ახდენენ სიცრუისა და სიბინძურის საჯარო ტირაჟირებას. მიმართვის ავტორები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის სამი თებერვლის ღამეს მომხდარ მკვლელობას და ამით საზოგადოებაში ბინძური ინსინუაციების ტირაჟირებას წერტილს დაუსვამს.
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, ზეწოლის მცდელობა გარდაცვლილის ოჯახზე და გამოძიებაზე, ყალბი თუ რეალური საგამოძიებო მასალების ფრიალი, მიცვალებულის შეურაცხყოფა და კომპრომეტირება, ოჯახზე და შვილებზე მორალური ზეწოლა. რაც შეეხება მარგინალებს, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, არც ერთი თქვენი ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხო და დაუსჯელი არ დარჩება," _ აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.
განცხადებას ხელი კახა ჩიტაიამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, დათო ოქიტაშვილმა, ბეჟან გუნავამ, ნინო ჩხობაძემ, ხათუნა ხოფერიამ, შალვა ოგბაიძემ და ჟვანიას დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა კახა გოჩაშვილმა მოაწერეს.
ხათუნა ხოფერიას განცხადებით, გარკვეული პირები ცდილობენ FBI-ს მიერ დადებული დოკუმენტი გამოიყენონ და FBI ამ პროცესში ჩართონ, როგორც მხარე. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებამ FBI-სთან დაკავშირებით ამ პროცესს წერტილი დაუსვა.
ბრიფინგში მონაწილეების თქმით, პროკურატურას ნდობას უცხადებენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოთმინებით დაელოდებიან.