შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც დღეს ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ხვდებოდა, "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა ანაკლიელი გოგიტა აბულაძის საქმის შესახებ. აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს უგზოუკვლოდ დაიკარგა და მის შესახებ, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. სულ ცოტა ხნის წინ, აბულაძის ოჯახის წევრებმა მორიგი აქციის გამართვა თბილისში, შს სამინისტროსთან სცადეს. თალაკვაძე ოჯახის წევრებს შეხვდა.
"თბილისში დედა და და, ახლობლებთან ერთად იყვნენ შეკრებილნი სამინისტროსთან, აპირებდნენ აქციის გამართვას და შს მინისტრთან, მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამ შეხვედრისთვის არ იყო საჭირო აქციის მოწყობა და შევხვდი მათ, მოვუსმინე, ვეცადე გავრკვეულიყავი საქმეში. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩვენი პრეროგატივაა, თუმცა, სიახლე არაფერია, ჯერჯერობით.
ეს საკმაოდ რთული საქმეა და ბევრი ნიუანსია, რომელიც გასარკვევია. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ეს ამბავი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიას – აფხაზეთს, სადაც ჩვენ შეზღუდული გვაქვს ადმინისტრაციული კონტროლი, და ბევრი ნეგატიური ამბები, რაც ხდება, სწორედ დაკავშირებული იმ სიტუაციასთან, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა.
რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნებს; ძალიან ლეგიტიმური, სამართლიანი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გაარკვიოს, თუ რა მოხდა და გასცეს ოჯახს კონკრეტული პასუხი _ რა დაემართა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ ადამიანს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტურთ, რომ ჩვენი პოზიციაა სიმართლე გავარკვიოთ და ვაცნობოთ ახლობლებს, როგორიც არ უნდა იყოს ის. დღეს უფრო მეტად მაქვს იმედი, რომ ეს საქმე გაირკვევა, რადგან დასრულდა ურთულესი საქმის გამოძიება, რომელიც თითქოსდა იყო უპერსპექტივო (გულისხმობს ვაზაგაშვილის საქმეს, ავტ); ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს საქმეც გაიხსნება."