დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები -ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, დავით ზანკალიანი და დავით ონოფრიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა სტუმართან ასევე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების თემებზე, პარტიის სამომავლო გეგმებზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა გატარდეს.
შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხის განხილვა.
„მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ორმხრივი ურთიერთობა ა.შ.შ–სთან ეს არ არის რომელიმე პარტიის, ან თუნდაც რომელიმე ხელისუფლების მიერ შექმნილი ურთიერთობები და ეს ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მტკიცდებოდა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად, ორმხრივ ურთიერთობებში, სწორედ საქართველოს მხარდაჭერის საკითხი დგას, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა.
საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლები შესაძლებლობა ექნება ჩვენს მოწინააღმდეგეს, რუსეთს, რომ პოლიტიკურად არეულობა შემოიტანოს და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ბიზნესის განვითარებისთვისაც და სტაბილური მომავლისთვის სწორედ შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის და არა ის მეთოდები, რასაც იყენებს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ“ – განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.