საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს, თინათინ ხიდაშელს დეკლარაციები ერთ დღეს, 2015 წლის 5 იანვარს აქვთ შევსებული.
წყვილს იდენტური დეკლარაციები აქვთ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობს. ოჯახის საკუთრებაში არსებული ორი ბინა, თბილისში ფანასკერტელის ქუჩაზე 80 და 81 ნომრებში, რომელთა ფართობიც 116 კვ.მ. და 60 კვ.მ-ია, თინა ხიდაშელის სახელზეა.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკში, ის დავით უსუფაშვილის სიდედრის, ზიზილა ურგებაიძის საკუთრებაშია. დეკლარაციის მიხედვით, სახლის ფართობი 120 კვ.მ, ხოლო მიწის ნაკვეთის 1000 კვ.მ-ია.
დავით უსუფაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას lexus RX330, რომელიც 2012 წლის დეკლარაციაშიც არის აღნიშნული.
რაც შეეხება წყვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში დავით უსუფაშვილის მიმდინარე ანგარიშზე „თი-ბი-სი ბანკში“ 19047.16 ლარი, ამავე ბანკში 30147.78 დოლარი, საბარათე ანგარიშზე 18035.00 დოლარი იყო.
თინა ხიდაშელის მიმდინარე ანგარიშზე „თი-ბი-სი ბანკში“ – 115462.10 ლარი და 14885.00 ევრო; სახელფასო ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ კი, 169.00 ლარი იყო.
ზიზილა ურგებაიძეს „ლიბერთი“ ბანკის საპენსიო ანგარიშზე კი, 800 ლარი ერიცხებოდა.
რაც შეეხება უსუფაშვილი-ხიდაშელის შვილების – ალექსანდრესა და გრიგოლ უსუფაშვილების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე უსუფაშვილს „თი–ბი–სი ბანკის“ ანაბარზე 16800.00 დოლარი, გრიგოლ უსუფაშვილს ამავე ბანკში კი, 11200.00 დოლარი ჰქონდათ.
დეკლარაციის შევსებისას, დავით უსუფაშვილს ნაღდი ფულის სახით 8000.00 ლარი, თინათინ ხიდაშელს – 5000.00 ლარი, ზიზილა ურგებაძე კი, 9000.00 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, რომელიც უსუფაშვილმა და ხიდაშელმა წინა წელს მიიღო, ასე გამოიყურება:
დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე – 79083.00 ლარი; თინათინ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტი წევრი – 55989.35 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ხიდაშელმა წინა წელს ქველმოქმედებისთვის 9700.00 ლარი გასცა.
ოჯახმა დავით უსუფაშვილი დაზღვევისთვის – 2460.00 ლარი, ხოლო მკურნალობისთვის 1955.00 ევრო დახარჯა.
ამავე წელს, თინათინ ხიდაშელმა სწავლის გადასახადისთვის 4300.00 ლარი გასცა.
თინათინ ხიდაშელს საერთაშორისო ორგანიზაციიდან შემოსავლის სახით 21540.00 ევროს გრანტი აქვს მიღებული, თუმცა, დეკლარაციაში ორგანიზაციის დასახელება და თინა ხიდაშელის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული გრანტი უსუფაშვილი-ხიდაშელის დეკლარაციაში 2013 წელსაცაა მითითებული, რომლის ოდენობა 30209.00 ევროა, 2012 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, გრანტი 13979.00 ევროა, თუმცა, ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ არც წინა წლების დეკლარაციებშია აღნიშნული.
წყვილის მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ისინი არ ფლობენ ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.