რამდენიმე დღეა, რაც ოზურგეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებულ გადასახადზე საუბრობს. 10-15 ლარი _ ეს ის თანხებია, რომლითაც, ადგილობრივების თქმით, მათმა გადასახადებმა მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება არ გაუზრდიათ.
მოქალაქეების თქმით, მათზე საქუჩო განათების გადასახადებიც ნაწილდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას"ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერის გია ნაკაიძის განმარტებით, მოსახლეობის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და არც ერთი ოჯახისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად არ გაუზრდიათ.
_ "მოსახლეობა თებერვალში იხდის იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. პრეტენზიით, რომ მრიცხველებზე გადასახდელი თანხა ხელოვნურადაა გაზრდილი და მრიცხველი მეტს წერს, ჩვენც მოგვმართეს მოქალაქეებმა, თუმცა, ადგილზე მისვლისა და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.
ფაქტი, რომ მრიცხველი აჩქარებული იყოს, არ დასტურდება. თუკი ვინმეს ექნება პრეტენზია ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, მოგვმართოს განცხადებით. ჩვენი წარმომადგენლები ამას გადაამოწმებენ", _ ამბობს ნაკაიძე და დასძენს, რომ ასევე უსაფუძვლოა ადგილობრივების პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ საქუჩო განათების თანხებიც უნაწილდებათ.
_ "ქალაქსა თუ სოფლებში საქუჩო განათების გადასახადს იხდის გამგეობა და მერია. ასე რომ, ეს არის უსაფუძვლო ეჭვი.
ყველა მოსახლეს აქვს ინდივიდუალური მრიცხველი, რომლის მონაცემები ხელმისაწვდომია. მათ, მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, შეუძლიათ, გადაამოწმონ ქვითარზე აღნიშნული თანხა".