გავრცელებული აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვალერი ხაბურძანიასა და ირაკლი ოქრუაშვილთან საუბარში "სკაიპით" ერთვება ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი. იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხალხში არსებულ განწყობებზე ოქრუაშვილს ანგარიშს აბარებს. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, რომელშიც თავდაცვისა და უშიშროების ყოფილი მინისტრები საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ფიგურირებს.
კიწმარიშვილი ჩანაწერში ასევე ახსენებს სოზარ სუბარს, რომელიც სპეციალური განცხადებით გამოვიდა, რაც ოქრუაშვილის გაღიზიანების მიზეზი ხდება და სუბარს ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.
ეროსი კიწმარიშვილი: ირა!
ირაკლი ოქრუაშვილი: რა იყო, ახლა არ მითხრა, შენც აჟიტირებული იქნები ამ ბიძინას გამო.
ე.კ.: ბიძინას გამო მთელი საქართველოა, ბიჭო, აჟიტირებული.
ი.ო.: აი, მე და ვალერი ვსხედვართ, მაგაზე ვლაპარაკობდით ახლა.
ე.კ.: ჰო, მერე?
ი.ო.: მე ახლა გავიღვიძე, არ წამიკითხია არაფერი.
ე.კ.: მოკლედ, აქ არის სრული ისტერიკა, ვალერი და შენ ხართ? ჰო, მომიკითხე. ისა, რა ჰქვია, სხვა თემაზე მინდოდა, მე სხვა რამეზე გირეკავდი, ამიტომ, ჩამოყალიბდი და მე, სადღაც, ერთ საათში, საათ-ნახევარში დაგირეკავ.
ი.ო.: კაი და არ იყო ეგ საჭირო, სოზარა ჩქარობს ასეთ იმეებზე, "ვაფშე" გასაკეთებელი არ იყო ეგ განცხადება…
ე.კ.: იცი, რა? მე ვფიქრობ, რომ იყო გასაკეთებელი, იყოს, მშრალი გავაკეთებინე მაქსიმალურად.
ი.ო.: ბიჭო, ის არ ვიცით, ტიპი "ვაფშე" რას აპირებს და რატომ მიესალმებით? არც უნდა შეგეგინებინათ, არც უნდა… ჯერ გაურკვეველია, ტიპი რას აპირებს. იქნება, მიშას თამაშს თამაშობს?
ე.კ.: ხო, ეგ სხვა თემაა, ვნახოთ.
ი.ო.: "ვაფშე ნე პრაფესიონალნა", ძაან ის გამოუვიდა ახლა.
ე.კ.: ეგ სხვა რამეა, არა მგონია.
ი.ო.: მომისმინე, გადახვევებს ნუ აკეთებთ, რა. რაც მოვილაპარაკეთ, ისეთი იმით გააგრძელეთ … გადამრევს რა. ერთი თვეა, ხმა ვერ ამოვაღებინე და მაინცდამაინც ბიძინაზე გამოვარდა ის გამო…ვებული სოზარა.
აუდიო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, მოსკოვში, 2011 წლის შემოდგომის პერიოდით თარიღდება, მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მასალებიდან, რომელიც გაზეთმა "ქრონიკა +" გაავრცელა, ჩანს, რომ ჩანაწერში ძირითადად 2 პირი ფიგურირებს – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც აღნიშნულ დრო იძებნებოდა და შესაბამისად, საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ჩანაწერში ჩანს, რომ ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავენ.
აუდიო მასალა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გადაცემამ "არჩევანი" გახადა.
ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არაა. თუმცა, ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვიდან გადაცემაში ჩართვისას ფაქტობრივად, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.