"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მაშინ, როცა მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, საქართველოს ტერიტორიის შიგნით საზღვარი ერთი სანტიმეტრითაც არ გადმოწეულა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, დღეს, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, საზღვარი ათობით სოფელში გადმოვიდა და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია.
"ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გავჩუმდეთ, უნდა მოვითმინოთ, ამაზე ხმა არ ამოვიღოთ და ესაა პრინციპულად მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი რამ, როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს, ითქვა ის, რომ "ქართულ ოცნებას" თურმე არჩევნების არ ეშინია. ძალიან კარგი, ბატონებო, თუ არჩევნების არ გეშინიათ. შეასრულეთ ის დანაპირები, რა დანაპირებიც თქვენ ხალხს მიეცით, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. შეცვალეთ საარჩევნო გარემო, რასაც ითხოვდით ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამბობდით, რომ ამ კოდექსით არჩევნების ჩატარება არ შეიძლებაო, მაგრამ სწორედაც, რომ არჩევნების ჩატარების ეშინია "ქართულ ოცნებას" და ძალაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებულ საარჩევნო კოდექსს ტოვებს, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია იმაზე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მისცენ ხმა ადამიანებმა, მაინც უპირატესობა მმართველ გუნდს ექნება" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ამის საუკეთესო მაგალითია თუნდაც ის, რაც თბილისის საკრებულოში მოხდა, როდესაც თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას" არჩევნების დროს, მაგრამ კანონი ისეა დაწერილი, რომ საკრებულოში ხმების 83%-ს "ქართული ოცნება" აკონტროლებს."