საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 15 ათასი ლარია, რომელსაც ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის თანამდებობებიდან იღებს.
ქადაგიძეს დეკლარაცია გასული წლის 30 აპრილს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქადაგიძის უძრავი ქონება მხოლოდ 3720.00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთია, რომელიც ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში – "დიდველი", მდებარეობს.
ქადაგიძის მეუღლე თამარ ჟორჟოლიანი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას NISSAN X-TRAIL-ს (გამოშვების წელი – 2001).
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი ქადაგიძის ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში“ 934.14 ლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 38600.99 ლარი ირიცხებოდა.
მისი მეუღლის, თამარ ჟორჟოლიანის მიმდინარე ანგარიშზე საქართველოს ბანკში 2457.32 ლარი ჰქონდა.
2013 წლის აპრილიდან 2014 წლის აპრილამდე გიორგი ქადაგიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, შემოსავლის სახით, 150000.00 ლარი აიღო. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან კი, 45000.0 ლარი.
რაც შეეხება თამარ ჟორჟოლიანის შემოსავალს, რეფერალური დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მან 29000.00 ლარი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომანტში გიორგი ქადაგიძეს და მის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხაც არ ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქადაგიძემ 2014 წლის 12 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, გასხვისდა 25850.00 დოლარად შეფასებული 1175 კვ.მ-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარეობს. თუმცა, დეკლარაციის მიდევით, აქედან ქადაგიძის ოჯახს შემოსავალი არ აუღია.
რაც შეეხება ოჯახის გასავალს, გიორგი ქადაგიძემ სწავლის საფასურისთვის 4438.50 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.
გიორგი ქადაგიძის პირველი დეკლარაცია 2006 წელს აქვს შევსებული. მას შემდეგ ქადაგიძემ 9 დეკლარაცია შეავსო, თუმცა მისი ფინანსური მდგომარეობა თითქმის იდენტურია.