ჩვენში გავრცელებული კეთილშობილი დაფნის ჯიში, ძირითადად, კომუნისტების დროინდელ ხანად წოდებულ დროში მოიხმარებოდა აქტიურად. მართალია, მაშინ კილოგრამი დაფნის ფასი მაღალი არ იყო, მაგრამ დამზადება აქტიურად ხდებოდა. გეგმაც კი არსებობდა, კერძო პირს თუ კოლმეურნეობას რამდენი კილოგრამი უნდა ჩაებარებინა. შემდეგ, როცა სახელმწიფო სისტემა შეიცვალა, ცვლილებები ყველაფერზე აისახა და დაფნის კრეფა და ჩაბარება აღარავის ახსოვდა. ძირითადად, კეთილშობილი დაფნა ან გაველურდა, ან მოჭრეს და ამოძირკვეს.
გასულ წელს დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოჩნდნენ დაფნის ფოთლის დამზადების მსურველები და რამდენიმე თვის წინ კილოგრამი დაფნა 70 თეთრი ღირდა. დღეისთვის კი გურიაში კილოგრამ დაფნის გამხმარ ფოთოლს ორლარნახევრად იბარებენ. მართალია, დაფნის კვლავ გაშენების მსურველთა რიცხვი ბევრი არ არის, მაგრამ არა ერთი ადამიანი ეძებს სამეზობლო ეზოებსა თუ ტყეებში დაფნის ხემცენარეს, რათა ფოთოლი მოკრიფოს და დაამზადოს.
როგორც მიმღებ პუნქტებში მომუშავენი გვეუბნებიან, დაფნის ხმელი ფოთლის გატანა, ძირითადად, რუსეთში ხდება და მოთხოვნა მზარდია, რადგან ფასი დღითიდღე იმატებს.
დაფნა დეკორატიული მცენარეცაა, უხდება გაკრეჭა. მისი ცოცხალი ღობე და ბორდიურები ადვილად გასაკეთებელია, მცენარეს არ უჭირს გახარება და მისი მოვლა განსაკუთრებულ მძიმე შრომას არ ითხოვს.
ადვილი მოსალოდნელია, დაფნის კულტურა კვლავ მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს და გარდა სიმბოლური მნიშვნელობისა (როცა ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების ღმერთ აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო), ჩვენი კარმიდამოებისა თუ კულტურული დასვენების პარკებისა და ხეივნების გამორჩეული მშვენება გახდეს.
ყველას, ვინც დაფნას მოიხმარს, უნდა ახსოვდეს, რომ მცენარის ღეროები ხელის პატარა ხერხით უნდა გადაჭრას და ერიდოს ცულითა და წალდით ჩაჩეხვას, თუ გვინდა, რომ ის ძველებურად ამართლებდეს კეთილშობილის ("ლაურის ნობილის") სახელს.