როგორც შეწყალების კომისის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა შეწყალების ორ აქტს.
პირველი აქტის საფუძველზე შეწყალებულია სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალბატონი, რომელთა გათავისუფლების ვადა, თითოეულ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლიან ვადას არ აღემატება.
ეს ქალბატონები სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლით იხდიდნენ, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას და სახელმწიფო საზღვარზე აკრძალული ნივთიერებების გადატანას გულისხმობს.
ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისია უვადო მსჯავრდებულების საკითხზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
მეორე შეწყალების აქტით კი, საქართველოს პრეზიდენტმა 188 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 7 არასრულწლოვანია. შეწყალებულთაგან 130 დღეს დატოვებს სასჯელარსრულების დაწესებულებას. რაც შეეხება დანარჩენ 58 პატიმარს, მათ სასჯელის ვადა გაუნახევრდათ ან შეუმცირდათ.