ხუთ მარტს ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, უმაღლესი ლიგის მორიგი მატჩი გაიმართა ლანჩხუთის "გურიასა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის.
ამაში უცნაური არაფერია, სატურნირო ცხრილის მიხედვით ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა "გურიას" სტადიონზე გასამართ მატჩებზე დასასწრებ აბონემენტზე, რომელიც სხვადასხვა სამსახურებში დაარიგეს გასავრცელებლად, "გურია"-"მეტალურგის" მატჩის თარიღად ექვსი მარტია მითითებული.
"არის თუა არა ეს "გურიას" სტადიონის აბონემენტი, თუ ფარატინა ქაღალდია?! მეგონა "გურია" –"მეტალურგის" თამაში ექვს მარტს იყო, როგორც აბონემენტზე წერია, თუმცა წინა დღეს ყოფილა. ფასი რომ კარგად მიაწერეს, სატურნირო ცხრილში ჩაეხედათ და ისე მიეწერათ რიცხვი. პასუხისმგებლობის გრძნობის ნატამალი საერთოდ გააჩნიათ?! არც დრო აწერია, არც ტირაჟი, სად დაბეჭდეს, ვისთან? გამოძალვა ჰქვია ამას, აბა მეტი რა, ფაქტობრივად, შეგვაწერეს აბონემენტის ყიდვა და ისიც უვარგისის.
სტადიონზე ბილეთი ერთი ლარი ღირს, ჩვენ კი სამმაგი გადავიხადეთ, ისეთი "აბდლებიც" არ ვართ, მაგათ რომ უნდათ. გამგებელი კი აკეთებს განცხადებას, ჩვენ არავის ვაიძულებთ აბონემენტის შეძენასო. აბა, სხვას რას იტყვის. ჩვენ ყველას პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული სამსახურის დაკარგვის შიშით და ვინაა რამის მთქმელი. ნეტა რას იზამენ, ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით მატჩს ჩაგვიტარებენ?!",- აცხადებს აბონემენტის მფლობელი, რომელმაც რედაქციაში აღშფოთებულმა მოგვაკითხა.