მოქალაქე გოჩა სალუქვაძე ქალაქ ოზურგეთის მერს გურიის ქუჩაზე, ყოფილი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, 160 კვ მიწის 35-წლიანი იჯარით პირდაპირი წესით მიცემას სთხოვს. აღნიშნული თხოვნით სალუქვაძემ ქალაქის მერიაში წერილი მიმდინარე წლის 14 იანვარს შეიტანა.
მერმა ქონების პირდაპირი განკარგვის წესით უფლების მიცემის თაობაზე საკრებულოს გასულ თვეში მიმართა. 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.
ხმაურიანი სხდომა იმით დასრულდა, რომ დეპუტატებმა მერის _ ბეგლარ სიორიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. თუმცა, საკითხის ჩაგდებიდან ერთ კვირაში _ 2 მარტს, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი სიორიძემ კიდევ ერთხელ შეიტანა.
ის, რაც ერთი კვირის წინ დეპუტატთა უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, მისაღები აღმოჩნდა ერთი კვირის შემდეგ.
ნინო ტაბატაძემ, რომელიც პარტია "საქართველოს გზის" წევრია, და ირინა საჯაიამ "ნაციონალური მოძრაობიდან" ბეგლარ სიორიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს და კოლეგები ზეწოლაზეც აალაპარაკეს. ტაბატაძემ და საჯაიამ ზეწოლა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. თუმცა, 3 მარტს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო, რომ საჯაიამ საკრებულოს მანდატი სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო დათმო. მიუხედავად ამისა, 4 მარტს გაირკვა, რომ ირინა საჯაიამ პოზიცია შეიცვალა და საკრებულოში რჩება. მან საკრებულოს მანდატი კი არა, "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.
პარტიაში საჯაიას გადაწყვეტილება კვლავ ზეწოლად შეაფასეს და ეს ყველაფერი ბეგლარ სიორიძეს დაუკავშირეს. სიორიძემ საჯაიას გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ "საჯაია კარგი პიროვნებაა": _ რა ზეწოლაზეა საუბარი?! უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი. ადამიანს, იმის გამო, რომ მხარი დაუჭირა თავისი ქალაქის საკეთილდღეო საკითხს და ამისთვის აირჩიეს ზუსტად ოზურგეთის საკრებულოში, გამოუტანეს უმკაცრესი განაჩენი _ ატოვებინებდნენ საკრებულოს. მან არ გადადგა ეს ნაბიჯი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი მოვალეობაა დაიცვას თავისი ქალაქის ინტერესები, რაც არის ქალაქისთვის კარგი და მისაღები იმას მხარი დაუჭიროს და რაც საზიანოა, იმას არ დაუჭიროს, _ აღნიშნა სიორიძემ.
ბეგლარ სიორიძისგან განსხვავებით, საჯაიას მიმართ კითხვები აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს:_ გვაინტერესებს, რა იყო მოტივაცია, როცა ქონების მერის მიერ ერთპიროვნულად განკარგვას არ მისცა ხმა და რა შეიცვალა, როცა უკვე ხმა მისცა,_ თქვა მიხეილ მაჭავარიანმა.
აქტუალურ კითხვებზე ირინა საჯაიამ "კვირის თემას" უპასუხა:
_ პირველ სხდომაზე, როცა საკითხი შემოიტანეს აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და ამიტომ არ დავუჭირე მხარი. თუმცა, შემდეგ მე თვითონაც მომიხდა ბაზრის უკანა ტერიტორიაზე შესვლა და ვიცი საერთოდ იქ რა ხდება. მე ოზურგეთელი ვარ და ძალიან მტკივა, რაც ამ ქალაქში ხდება. მითუმეტეს, აგრარულ ბაზარში, რომელიც ყოველთვის მოუწესრიგებელი იყო. თუ ინვესტორი შემოდის და მერი ითხოვს თანხმობას საკრებულოსგან, კეთდება კარგი საქმე და მე ჩავთვალე, რომ მხარი უნდა დავუჭირო. მითუმეტეს, რომ ყველაფერი დათვლილია და 60 000 ლარი შემოვა ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ისეთი პოლიტიზირებული სახე მიიღო ამან, რომ ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, _ აღნიშნა საჯაიამ.
მისი განმარტებით, ე.წ. ინვესტორის _ გოჩა სალუქვაძის შესახებ ინფორმაცია მისი მეგობრებიდან გაიგო და იცის, რომ ის წარმატებული ბიზნესმენია.
_ ქალბატონო ირინა, 3 მარტს განაცხადეთ, რომ საკრებულოს ტოვებდით, თუმცა, მეორე დღეს გადაიფიქრეთ…რა მოხდა?
_ არ მინდა მწვავე განცხადება გამომივიდეს. ვრჩები ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად. ეს იყო ჩემი საპასუხო ნაბიჯი ზოგიერთი ჩემი ლიდერის გადაწყვეტილებაზე ჩემს მიმართ. ახლა არ მინდა კონკრეტული პირების დასახელება. შეიძლება მაგის დროც მოვიდეს.
_ მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ თქვენს მიმართ კითხვები აქვს… "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნეს, რომ შეკითხვები ჯერ კიდევ არჩევნების დროს გაჩნდა… გამოვიდა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ალიანსში დაგდეს ბრალი…
_ სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან 2003 წლიდან ერთგულად ვემსახურებოდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიყავი მათი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი. და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ აბსურდული ბრალდებებიდან ვიღაცას რაღაც საშინელი სიზმრები აქვს ჩემს მიმართ და ვიღაცა საშინელ შავ პიარს მიგორებს, ამიტომ, შეიძლება გაბრაზებულიც ვიყო.
_ გადაწყვეტილება გაბრაზებულ გულზე მიიღეთ?
_ უფრო შეურაცხყოფილი ვარ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილების შეცვლაში, ვგულისხმობთ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას და შემდეგ განცხადების უკან წაღებას, 10 000 დოლარი აიღეთ…
_ სასაცილოა ეგ ყველაფერი. რა უბედურებაა, რა შუაშია ეგ?! ეტყობა, ოზურგეთში გიჟდებიან "მონაჩმახებზე", _ გვითხრა საჯაიამ და დასძინა, რომ ის "ქართულ ოცნებას" არ შეუერთდება:
_ მე ვრჩები ოპოზიციონერ დეპუტატად და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად, _ დააზუსტა საჯაიამ და აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა:
_ მათ უნდათ ჩემთან შეხვედრა და იმედია, ეს შეხვედრა შედგება. მე მაქვს ჩემი არგუმენტები და კარგი იქნება თუ მომისმენენ, _ გვითხრა საჯაიამ.
გასულ კვირას, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ოზურგეთის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრეს და 61-კაციანი სიაც წარმოადგინეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებებზე კომენტარები ოზურგეთის მერმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩვენს გადაცემაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ კადრები პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიეს და არა ახლობლობით.
"კვირის თემის" ბოლო ბლოკის სტუმარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, რომელმაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
_ ბატონო ირაკლი, იღებთ თუ არა საკუთარ თავზე პრემიერის საყვედურს, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გამოთქვა მერებისა და გამგებლების მიმართ… რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ თქვენი 6-თვიანი მუშაობა?
_ პრემიერი, ასევე გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერიც და ყველა მის განცხადებას ძალიან დიდი ყურადღებით ვისმენ და ვითვალისწინებ. პრემიერმა თქვა ზოგიერთ შემთხვევაშიო და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არჩევითობა არ ნიშნავს, იმას, რომ ვინმე ხელშეუხებელია. პირადად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემნაირი გამგებლები პრემიერს არ უგულისხმია.
_ როგორი გამგებელი? ასევე საინტერესოა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხები უკვე ჩამორიცხულია, რომლის ხარჯვაც არ დაგიწყიათ?
_ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება ვადებში. ახლა პროექტირების სტადიაა და შესაბამისად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებულ გრაფიკებში ვზივართ.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ ახსენეთ, რომ თქვენნაირი გამგებელი არ უგულისხმია პრემიერს… როგორი ხართ?
_ ისეთი გამგებელი, რომელიც ზუსტად ემორჩილება კანონს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია საკრებულოსთან, სადაც არის ჩვენი მყარი უმრავლესობა და ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება ერთობლივად და შესაბამისად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, _ აღნიშნა კუჭავამ.
გადაცემაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
გადაცემის "კვირის თემა" სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ