9 მარტს პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის "ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა.
შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, "ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის" განვითარების პროექტის ხელშესაწყობად შექმნილია აბრეშუმის გზის ფონდი 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით. ფონდის დანიშნულებაა აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნებში მსხვილ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა.
გარდა ამისა, პეკინში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. განცხადების ტექსტს ასევე ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა.
მომდევნო თვეების განმავლობაში ერთობლივი სამუშაო ჯგუფები შეისწავლიან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ჩაატარებენ სპეციალურ კვლევას, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ქონდეს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც საქონლის, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტის ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, ეს განცხადება უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ გზავნილს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო გაზრდას.