"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მთავრობა 21 მარტს მათ მიერ დაგეგმილი აქციის გამო პანიკაშია. სწორედ ამ აქციის გამო ხვდება პრემიერი სახელმწიფო რწმუნებულებს, გამგებლებსა და მერებს.
ბეჟაშვილმა მთავრობის იმ გეგმაზეც ისაუბრა, რითაც ისინი 21 მარტის აქციაზე რეგიონებიდან ხალხის არგამოშვებას გეგმავენ
"ბოლო დღეებში მთავრობა პანიკის ნიშნებს ავლენს – ხვდება სახელმწიფო რწმუნებულებს, გამგებლებს, მერებს. მიმდინარეობს მზადება, რომ 21 მარტს რეგიონებიდან ხალხი არ ჩამოვიდეს.
ამისთვის სახელმწიფო ადმინისტრაცია მიმართავს ტყუილებს, დადიან სოფლის რწმუნებულები სოფლებში და ამბობენ, რომ აამუშავებენ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა მიწების მოხვნა და სხვები.
გვინდა კიდე ერთხელ ვამხილოთ მთავრობა ტყუილში და მოვუწოდოთ სოფლის მოსახლეობას, რომ ეს ტყუილები არ დაიჯერონ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამის კანონში, სათანადო მუხლებში თითოეული ამ დაპირებული პროექტის დაფინანსებისთვის გამოყოფილია ნულოვანი თანხა.
მაგალითად: კანონის შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია ნული. სასოფლო სამეურნეო ტექნიკის განახლება – ნული, სასოფლო სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია – ნული ( დოკუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. მასალის ბოლოს)", _ ამბობს ბეჟაშვილი და დასძენს, რომ დღევანდელი პრემიერის გამგებლებთან და მერებთან შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება.
"ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ 21 მარტის აქციაა. სურთ ამ დროისთვის კონტრღონისძიებები გაატარონ. ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი ასეთგანია ის, რომ რწმუნებულებმა მოიარონ სოფლები და ხალხს ჰკითხონ რა პროექტების განხორციელება სურთ. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეალურად შესაბამისი მუხლების თანადაფინანსებაში დაფინანსება ნულია", _ აღნიშნავს ბეჟაშვილი.
შეგახსნებეთ, რომ დღეს, 15.00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით მთავარი თემა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქნება.