დღეს, ოზურგეთის პედაგოგთა პროფკავშირის ოზურგეთის ორგანიზაციამ, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, საგაზაფხულო შეხვედრა მოუწყო ახალბედა, მრავალშვილიან და რვა მარტს დაბადებულ პედაგოგებს.
"ცოტა დაგვიანებით უნდა მოგილოცოთ ქალთა დღე, სრულიად გაზაფხული და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს უამრავი ღირსეული მასწავლებელი, თუმცა, დღეს აქ მოვიწვიეთ როგორც ახალბედა, ისე მრავალშვილიანი დედები და ისინი, ვისაც დაბადების დღე რვა მარტს აქვთ. ეს ლამაზი ღონისძიება შესაძლებლობის ფარგლებში მოვამზადეთ. მსურს, ახალი წარმატებები და შემართება გისურვოთ", _ მიმართა სტუმრებს პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როზა გოგუაძემ.
მასწავლებლებმა, რვა შვილის დედამ ნათია გორდელაძემ, ოთხი შვილის დედამ სალომე ხინთიბიძემ, რვა მარტს დაბადებულმა დალი კუჭუხიძემ და სხვებმა გაზაფხულის შემოსვლა მიულოცეს და პირველ რიგში შვილთა და საყვარელ მოსწავლეთა ჯანმრთელობა უსურვეს კოლეგებს.
პედაგოგებს სიმღერით მიულოცეს გაზაფხული ოზურგეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მუსიკალურმა ჯგუფებმა, ასევე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიების დასასრულს, პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის სახელით, მასწავლებლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.