საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გუბაზ სანიკიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა კიკნაველიძე ჩერქეზული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ქართულ-ჩრდილოკავკასიური, კერძოდ კი ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი, კულტურისა და განათლების სფეროში კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხებს.
საუბარი ასევე შეეხო თბილისში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნის საკითხსაც, რომელიც 14 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბევრი ჩერქეზი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების თაობაზე, რაც მხარეების აზრით, ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია.