იაპონელები წყნარი ოკეანის არეალში ადამიანების დასახლებას აპირებენ, რისთვისაც ისინი წყალზე მოცურავე ქალაქებს ააშენებენ, სადაც, მინიმუმ 100 ათას ადამიანს დაასახლებენ.
ეს იდეა კომპანია „შიმიცუ კორპორეიშენმა“ წამოაყენა და, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს, პროექტის ხორცშესხმა 2025 წლამდე უნდა გახდეს შესაძლებელი.
ახალი ქალაქი უცნაური დოქების კოლონიას დაემსგავსება, რომლებიც ოკეანეში იტივტივებენ და მათ შემადგენლობაში ცალკეული უბნები შევა.
ფუტურისტების პროექტის თანახმად, თითოეულ უბანში, რომლის რადიუსიც 1,5 კილომეტრი იქნება, 10-დან 50 ათას ადამიანამდე იცხოვრებს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცათამბჯენ კოშკებში განთავსდება, რომლებსაც „დოქების“ ცენტრში ააგებენ. ცათამბჯენები გარშემორტყმული იქნება ხელოვნურად შექმნილი ტყეებითა და მინდვრებით, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მოიყვანენ. აქვე იბალახებს საქონელი.
კოშკების ქვედა ნაწილში რესურსების გადასამუშავებლად ფაბრიკებს ააგებენ. მცურავი კუნძულების გარე პერიმეტრებზე საკურორტო ზონები განთავდება თავისი პლაჟებით. აქვე აშენდება დამატებითი საცხოვრებელი ზონები ყველაზე პრესტიჟული სახლებით.
იაპონელების პროექტის თანახმად, მცურავ ქალაქებს კლიმატური პრობლემები ნაკლებად შეეხება და ტემპერატურა საშუალოდ 26-28 გრადუსი იქნება.