"ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ ქართულ პროდუქციას; ჩვენი ამოცანაა, რეგიონი გავაძლიეროთ, იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება განვავითაროთ", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა განმარტა, რომ დეტალურად არის შესწავლილი რეგიონებში არსებული რესურსები და მთავრობა მზად არის, დაიწყოს რეგიონების რეალური განვითარება.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესმენები პროექტით დაინტერესდებიან და მათ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.
"დღეს გამოიკვეთა, რომ ადგილზე არიან მეწარმეები, ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ განვითარების საშუალება და ამაში დავეხმარებით. ბევრი საწარმოა დაკეტილი, რომელთა აღდგენა შეიძლება", _ განაცხადა პრემიერმა.