საინფორმაციო სააგენტო "სამოქალაქო პრესა _ CIVIL PRESS"-ის ინფორმაციით, უფლებადამცველი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის იუმორისტული გადაცემის "კომედი შოუს’’ წამყვანების ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, რომლებიც ე. წ კანონიერ ქურდებთან ერთად საბერძნეთში არის გადაღებული.
ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში, "ბიზანტიოში“ არის გადაღებული. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, "კომედი შოუს’’ წამყვანები ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი ე.წ კანონიერ ქურდებთან ერთად რესტორანში მყოფ ერთ-ერთი პირის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
კადრებში ფიგურირებენ ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად "პაპუნა“, ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა მეტსახელად "დათო ჩერეპახა სამტრეედსკი’’, ე.წ კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად "ლევან ტბილისკი’’, ე.წ კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშილი, მეტსახელად "ბესო’’, ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიან ჯავახაძე, მეტსახელად "ვალერი ქუთაისკი’’ "ყურშა’’, ე.წ კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარე’’, ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად "თავა’’.
ტელეკომპანია "რუსთავი2’’-ის თანამშრომელებისა და ე.წ კანონიერი ქურდების ერთობლივ ფოტო და ვიდეომასალებთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ზურაბ ქადაგიძემ პრესკონფერენცია საინფორმაციო სააგენტო "სამოქალაქო პრესის" პრესკლუბში გამართა.