ფოტოები, რომლებიც "გურია ნიუსმა" რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურის ცენტრში გადაიღო საპატრული ეკიპაჟის მიერ კანონდარღვევას ადასტურებს.
თითქმის 20 წუთის განმავლობაში პატრულის მანქანა, რომელშიც ერთი პოლიციელი იჯდა და სავარაუდოდ მძღოლს ელოდებოდა, ციმციმების გარეშე შუა გზაზე იდგა (აღნიშნულ გზაზე ცალმხრივი მოძრაობაა).
პატრულის ავტომობილში მყოფმა პოლიციელმა ციმციმა მას შემდეგ ჩართო, რაც მისგან იმის გარკვევას შევეცადეთ თუ რატომ არღვევდნენ კანონს:
_ ხანდახან ირთვება, შეიძლება ფეხი ვერ დავაჭირე კარგად, _ სიტუაციის ახსნა ასე სცადა პოლიციელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილა.
ამ საუბრის დროს მძღოლიც შემოგვიერთდა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ ციმციმა არ გამოურთავთ:
_ ციმციმა არ გამოგვირთავს საერთოდ, _ დაბეჯითებით ამტკიცებდა პოლიციელი.
_ რატომ ცრუობთ? ეს ყველაფერი ფირზე გვაქვს აღბეჭდილი. საკმაოდ დიდხანს გაკვირდებოთ და შესაბამისად, ვიღებდით…
_ არ გამოგვირთავს. ჩართული იყო.
_ ცრუობთ ბატონო პოლიციელო! საინტერესოა, ამ ადგილზე რიგითი ადამიანის ავტომობილი რომ ნახოთ გაჩერებული, თანაც ისე, როგორც თქვენია და მოძრაობას აფერხებდეს ხომ დააჯარიმებთ?
_ ჩვენ გვქონდა ციმციმა ჩართული, _ "პირველ ჩვენებას" აგრძელებდა პოლიციელი, რომელმაც არ გაგვიმხილა მიზეზი თუ რატომ ჰყავდათ შუა გზაზე გაჩერებული ავტომანქანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟს არავინ დაუჯარიმებია.