თბილისის მერიის ორგანიზებით სასტუმრო "რადისონში" სამუშაო შეხვედრა "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობები" გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა და თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა გახსნეს.
შეხვედრაში შშმ პირების დასაქმების მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების, ასევე სამინისტროების, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე შშმ პირების დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს.
"თბილისის მერიას მიმდინარე წელს არაერთი ინიციატივა და პროექტი აქვს, რომელიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. ამ საკითხის აქტუალიზაცია რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირებით, ასევე სპეციალური პროგრამებით, რომლებიც შშმ პირების საზოგადოებაში დაბრუნებას და ცხოვრების წესის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მერიის გარდა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც შშმ პირთა პრობლემატიკას სწავლობენ. მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათთან ერთად ძალიან კონკრეტული, შშმ პირების საჭიროებაზე მორგებული პროგრამები განვახორციელოთ, რაც რეალურად დასაქმების შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს",_ განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვენლმა ირაკლი ბერეკაშვილმა.
"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რაც მთავარია, დასაქმების პროგრამები უნდა მუშავდებოდეს თვითონ შშმ პირთა თემის თანამონაწილეობით და მოხარული ვარ, რომ დღეს განსხვავებული კატეგორიის შშმ პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იყო. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, რადგან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის უმთავრესი წერტილი ეს არის თანაბარი დასაქმება",_ განაცხადა თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა.