საკვები ბაზის შექმნა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის გურიაში, სადაც ძირითადად მესაქონლეობას მომთაბარეობის წესით უვლიან, უკვე სერიოზული განხილვის საგანია. საძოვრების ვრცელი ტერიტორია აქ არ არის, რადგან გურია მცირემიწიანი რეგიონია. ჩვენში მთის საძოვრებია პრიორიტეტული და ის უნდა გამოვიყენოთ როგორც ზაფხულში, ისე შემოდგომაზე.
კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, თითქმის ყველა სოფელს გააჩნია მთის საძოვარი. მაგალითად, გომისმთაზე საძოვრისთვის განკუთვნილი ფართობი აქვს სოფლებს: გურიანთას, შემოქმედს, ჭანიეთს, ლიხაურს; ასევე ბახმაროს მთაზე საძოვრები აქვთ სოფლებს: ბახვს, ვაკიჯვარს, ცხემლისხიდს. ეს ფართობები კომუნისტების დროიდან არსებუობს და სოფლებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ საკუთრებაში.
ახლა, მთავარია, მთის საძოვრების მისახედად შეიქმნას სახელმწიფო სამსახური, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მთის საძოვრებზე უკანონო ჩასახლების პროცესი, რაც არაერთხელ ხდება. მერე კი ძნელია უკანონოდ და თვითნებურად ჩასახლებული მოქალაქეების იქედან ასახლება.
ჩვენ გვაქვს მთის ყუათიანი საძოვრების უდიდესი რესურსი, სადაც შვიდი თვის მანძილზე ვამყოფებთ საქონელს. ასეთი მიდგომით მინიმალურ ხარჯებთან და დანაკარგებთან გვაქვს საქმე. არის საძოვრები, სადაც ხარობს მთის სამყურა, ასევე, არა ერთი სამკურნალო მცენარე, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, ბუნებრივ ვეტერინარულ მომსახურებასაც კი უწევს საქონელს.
ამიტომ ხდება, რომ პირუტყვი, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მხოლოდ ამ საძოვრების ამარაა და არანაირ სხვა საკვებს არ ვაწვდით, გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე აქ, ბარში, სადაც, აქტიურად ვაძლევთ ქატოსა და სიმინდის კომბინირებულ საკვებს. მთაში უხვად არის ბუნებრივი წყლები და ესეც სერიოზული რესურსია.
მთის ზონაში ტყის გაჩეხვა დღეისთვის შეჩერებულია, თუმცა, დღის წესრიგში სერიოზულად დგას თვითნებურად ჩასახლებულთა საკითხი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან არაერთხელ მქონდა ამ თემაზე საუბარი და ის ძალიან მოწადინებულია, არსებული პრობლემა მოგვარდეს, და რაც მთავარია, მეცხოველეობის დარგის აღორძინებისთვის საკუთარი მოსაზრება გააჩნია.
ამ ეტაპზე მთის საძოვრებზე ჩვენს ფერმერებს მაინც პრიმიტიული ფორმით უხდებათ მუშაობა და სერიოზული შედეგის დადგომამდე ხანგრძლივი მუშაობა გვმართებს. საზღვრების სიმცირის გამო, განსაკუთრებით დაბლობ ლეკიან-მოლიანში, სასურველია შუალედური კულტურების დათესვა (სიმინდი, შვრია, იონჯა), რომლის აღების თუ მოცელვის შემდეგ, შესაძლებელია საქონლის ფერმის გაშვება, ვიდრე მთის საძოვარზე გავდენით ან პირიქით, როცა იქედან ჩამოვდენით, შესაბამისი ფართობები საძოვრად გამზადებული დაგვხვდება :(მაგალითად, სიმინდის ნაჩალები).
მესაქონლე ფერმერისთვის საქონლის კვებასთან ერთად, არანაკლები საზრუნავია ბრუცელოზის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემთვის არსებობს უმკაცრესი წესი ჩემივე ნებით განსაზღვრული _ არც ერთი სოფლის თუ კერძო პირის საქონელს ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი საქონლის ახლოს არ გავატარებ! დღეისთვის ამ ფორმით და ასეთი წესით ვმუშაობთ! არა ერთხელ მესმის, რომ ეს არის მომთაბარეობა, პირუტყვის მოვლის პრიმიტიული და არასტანდარტული წესი, თუმცა, ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. როცა ზემოდან იქნება ჩვენს ქვეყანაში მაღალი სტანდარტული ფორმით მეცხოველეობის განვითარების ნება, პირველი გადავდგამ ნაბიჯს აღნიშნული წესის გასატარებლად. ახლა კი ჩემთვის მთავარია, დაავადება არ შემომეპაროს. სამი წლის წინ, როცა ბრუცელოზის ფაქტი გამოვლინდა ჩემს ფერმაში, სასწრაფო ვეტერინარული ზომები გავატარე, მოვახდინე დაავადებული პირუტყვის ლიკვიდაცია და ძალიან ვფრთხილობ, რომ რაიმე არ გამომეპაროს.
როგორც აღვნიშნე, მესაქონლეს ჩვენში საკვები ბაზის შექმნა სჭირდება. ძირითადად ეს არის მოწესრიგებული და დაგეგმარებული საძოვრები. როცა მთისა და ბარის საძოვრების კვებითი ბრუნვა მაღალ სტანდარტს დაექვემდებარება და ეს სავსებით შესაძლებელია, მესაქონლეობის განვითარების ტემპიც მოიმატებს. ჩვენს მეზობელ იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში სერიოზულად დაიწყო საძოვრების მოწესრიგებაზე ზრუნვა. შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
ბესო ლომინაძე, ფერმერი