"უდესიანისთვის ეს მკვლელობა ხელსაყრელი არ უნდა ყოფილიყო"
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის, ლალი მოროშკინას თქმით, ბესო ხარძიანს მისი პატიმრობის პერიოდში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. როგორც მოროშკინა ამბობს, გარდაცვლილ ბიზნესმენს, მასთან იმაზეც უსაუბრია, რომ პატიმრობის დროს, საჭმელში საწამლავის ჩაყრასაც ელოდებოდა.
როგორც მოროშკინამ "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ეს მკვლელობა იმდენად ცუდ პერიოდში მოხდა, უდესიანისთვის ყველაზე ნაკლებად უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი.
"ბესო ხარძიანი 2 კაციან საკანში იყო გადაყვანილი, რადგან სახიფათო იყო მისი უფრო დიდ საკანში დარჩენა. ამბობდა, რომ ყოველწუთს ელოდება საჭმელში საწამლავის ჩაყრას, რადგან ციხიდან მისი ცოცხალი გამოსვლა არ აწყობს ადამიანს, ვისთანაც რამდენიმეწლიანი დავა აქვს. მას ამაზე ბევრი საჩივარიც ჰქონდა დაწერილი.
მე, რომელიც კარგად ვიცნობდი ბესოს და წლებია ვმეგობრობდით, ის აბსოლუტურად გაჭაღარავებული დამხვდა და მითხრა რომ რამდეიმე წუთში მოხდა მისი გაჭაღარავება. სტრესიც არის და სტრესიც, ვაჟკაცმა შეიძლება ცემა აიტანოს, მაგრამ როდესაც გაუპატიურებით გემუქრებიან და გაგათრევენ საკნიდან, თან გეუბნებიან, რომ ეს დაგვიკვეთეს, საშინელებაა. მაშინ ბესო სხვა პატიმრებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ხმაური ატეხეს. დაინგრა საკნები, რადგან ის უკანასკნელ ხმაზე ყვიროდა მიშველეთო", _ ამბობს "გურია ნიუსთან" მოროშკინა.
რაც შეეხება გვარებს, რომელიც ბიზნესმენის მეგობრებმა და ახლობლებმა მკვლელობაში დაადანაშაულეს, მოროშკინა ამბობს, რომ მას კონკრეტულად ხელის გაშვერა არავისკენ არ შეუძლია.
"რეალურად ვისი დასჯაც უნდათ, მკვლელის, იმ ადამიანს, ჩემი ინფორმაციით, დიდი ხანია უკვე საქართველო დატოვებული აქვს და ვერავინ იპოვის.
რაც შეეხება უდესიანის დადანაშაულებას, იქნებ არაა უდესიანის დაკვეთა? იქნებ დღეს სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებული საბოტაჟნიკების დაკვეთაა?! რომლებმაც უკვე გადაიფორმეს უდესიანისგან წილი და სწორედ მათ აწყობდათ ხარძიანის სიკვდილი.
კი ბესო ნამდვილად ამბობდა, რომ უდესიანი მას ერჩის, მაგრამ მას მერე 2 წელი გავიდა. დღეს, უდესიანისთვის ყველაზე ცუდ მომენტში, ეს მკვლელობა ხელსაყრელი პირველ რიგში მისთვის არ უნდა ყოფილიყო", _ ამბობს მოროშკინა და დასძენს, რომ უდესიანს მოლაპარაკებები ჰქონდა მაღალჩინოსნებთან, რომელთა გვარებსაც უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის გამო არ ასახელებს და შესაძლებელია სწორედ მათ ჰქონოდათ გარკვეული ინტერესები.
"თეთრი ძაფით ნაკერი მკვლელობები არ ხდება, აქ გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", _ აღნიშნა მოროშკინა.