"დანაშაულებრივი სისტემა ჰქონდა შექმნილი "ნაციონალურ მოძრაობას" და ის ადამიანები დღესაც მუშაობენ _ ზოგი ძალოვან სტრუქტურაში, ზოგიც _ საკრებულო-გამგეობებში და ა. შ. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც მე ყოველთვის ვაპროტესტებდი.
მე ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებიც იმ დროს "ნაციონალების" დაძახილზე დარბოდნენ, ასრულებდნენ უკანონო დავალებებს. ასეთი ადამიანები ბევრია ჩვენს გვერდით. თანამდებობებზე დამნაშავეები მუშაობენ _ გაიხედ-გამოიხედეთ და დაინახავთ… ამის გამო პროტესტი ყოველთვის არის საზოგადოებაში," _ ეს განცხადება გასულ კვირას G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "კვირის თემა", რომელიც ყოველ პარასკევს გადის ეთერში და რომლის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.gurianews.com, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, "რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა ჯიქიამ გააკეთა.
ჯიქიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუ ვის გულისხმობდა "დამნაშავეებში", რომლებიც, მისი თქმით, დღესაც ადგილობრივ ხელისუფლებაში არიან.
ამ განცხადებას გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, რომლის თქმით, გამგეობაში კვალიფიციური კადრები მუშაობენ:
_ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა პირდაპირი წესით, თან 50%-იანი ბარიერით გამგებლებისა და მერების არჩევა. ასევე, საჯარო მოხელეთა კონკურსების ჩატარება. შეიძლება ეს პროცესი (კონკურსებს ვგულისხმობ) ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ ჩოხატაურში იგი მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა _ ამას ადასტურებს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიც. მე იმის თქმა მინდა, რომ ახალ ტრადიციას ეყრება საფუძველი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, მეტი კვალიფიციური ადამიანი იმუშავებს საჯარო სექტორში, მიუხედავად არჩევნების დროს გამოვლენილი პოლიტიკური შეხედულებებისა.
ჩოხატაურის გამგეობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც გოჩა ჯიქიას მსგავსად, პოლიტიკური მოტივებით იყვნენ დაპატიმრებულნი, მაგალითად ზურაბ კოტრიკაძე. ასევე მუშაობენ ისინიც, ვინც თავის დროზე ნაციონალებს უჭერდა მხარს, მაგრამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კარგად გაართვეს თავი და კონკურსის შედეგად დაინიშნენ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ამ მუშაობის შედეგია ის, რაც ბოლო 8 თვეში გაკეთდა და რასაც ჩაეყარა საფუძველი.
_ ბატონო ირაკლი, უფრო კონკრეტულად _ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო, რომელშიც იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებაც იგულისხმებოდა, რომლებიც 2012 წლის არჩევებამდე ნაციონალებისთვის ბევრ უკანონობას ჩადიოდნენ. თუმცა, ეს დაპირება დაპირებად დარჩა _ თანამდებობებს ისევ ძველი სახეები იკავებენ.
_ გეთანხმებით, ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო. აქაც ორ ცეცხლშუაა მმართველი პოლიტიკური ძალა _ ერთი მხრივ სტრატეგიული პარტნიორები გვირჩევენ, რომ ამ საკითხებში სიფრთხილე გამოვიჩინოთ, თემამ პოლიტიკური ელფერი რომ არ შეიძინოს, ხალხი კი უკმაყოფილოა ამ პროცესების გაჭიანურებით. ამ დროს, წინა ხელისუფლებისაგან დევნილ ადამიანებს ზოგს შვილის საფლავთან, ზოგს კი ქუჩაში კლავენ. ეს სახიფათო ტენდენციაა და ამას პასუხი უნდა გაეცეს ობიექტური გამოძიებით.
ამავე კონტექსტში მინდა გავიხსენო კიდევ ერთი დაპირება _ "ქართული ოცნება" ასევე აცხადებდა იმასაც, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო სამსახურებში თუ თვითმმართველობებში და იყო კომპეტენტური, მიუხედავად წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა, არ გახდებოდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი. როდესაც გამგეობაში მივედი, ბევრი ადამიანი დამხვდა ისეთი, რომელსაც არჩევნებში "ქართული ოცნებისთვის" და ჩემთვის ხმა არ მოუცია. როცა პირველი შეხვედრა ჩავატარე, ნელსონ მანდელას ცნობილი საქციელი გავიხსენე _ მანდელამ ოპონენტები, მათ შორის, პრეზიდენტის პირადი დაცვის ზოგიერთი წევრიც კი დაიტოვა და ამით მათ შანსი მისცა, ახალ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ეკეთებინათ. წარმოიდგინეთ, ეს იყო იმ ქვეყანაში, სადაც რასიზმი მძვინვარებდა (დიდი განსხვავებაა ყოფილი პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრსა და დამნაშავე ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ _ პოლიტიკური შეხედულებებით აპატიმრებდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ქონებას, აყალბებდნენ არჩევნებს, რითაც, ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადიოდნენ. რედ.).
_ ბოლო თვის განმავლობაში ჩვენს ეთერში გასულ ყველა დებატში წაგებული რჩება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი… ისინი კადრს მიღმა საუბრობენ 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე, ხოლო როცა "ნაციონალები" ბრალს დებენ ხელისუფლებას უნიათობაში, დუმან.
_ 9-წლიანი რეჟიმის დავიწყება იოლი არ არის. არც უნდა დავივიწყოთ _ უნდა გავაანალიზოთ და წინ გავიხედოთ. მუდმივად მხოლოდ იმაზე აპელირება, თუ როგორ იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა", პოლიტიკურად წამგებიანია (მუდმივად იმაზე აპელირება, რომ "ნაციონალური" ხელისუფლება დამნაშავე რეჟიმი იყო, მართლაც არ შეიძლება _ როცა ხელისუფლება ვინმეს სამი წლის განმავლობაში "დამნაშავეს" უწოდებს, რაც ხშირად გვესმის პარლამენტის ტრიბუნიდან, მედიასთან მმართველი პარტიის წარმომადგენლების საუბრებში, მაშინ უნდა დაუმტკიცოს "ნაციონალებს" ეს დანაშაული და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს. და თუ "ქართულ ოცნებას" ამ დანაშაულის დამტკიცება არ შეუძლია, მაშინ კეთილი ინებოს და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაიცვას! რედ.).
"ნაციონალები" ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს დარწმუნდნენ, რომ დემოკრატიული მმართველობის გახორციელება რთულია, ამიტომ, ძველი და ნაცადი, "მათრახისა და თაფლაკვერის" მეთოდი აირჩიეს. ბოლოს მხოლოდ მათრახი შერჩათ ხელში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა გამოგლიჯეს და დარწმუნებული ვარ, აღარ დაუბრუნებენ. სწორედ ისინი არიან უუნარონი და უნიათონი, რადგან დემოკრატიის პირობებში მართვა ვერ შეძლეს და დასავლურ ღირებულებებსაც უღალატეს, რუსული (საბჭოთა) მმართველობის ადაპტირებული ვარიანტი შექმნეს. შეცდომები დაუშვეს და რუსეთსაც მისცეს საბაბი, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მიეთვისებინა, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" ყველა კითხვაზე აქვს პასუხი: "თქვენ გვაკრიტიკეთ, ჩვენ ვიმუშავებთ _ ასეთია დემოკრატიული მმართველობის ანატომია!" _ თქვა ირაკლი კუჭავამ.