არაბული გამოცემის ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტეში გავრცელებული ადამიანით ვაჭრობის ერთ-ერთი სახეობა. ე.წ. ”ზაფხულის ცოლები”. მდიდარი არაბი ტურისტები, რომლებიც ზაფხულის თვეებს ეგვიპტეში ატარებენ, არასრულწლოვან ეგვიპტელ გოგონებს ყიდულობენ “დროებითი ცოლების” სახით.
რაკი ეგვიპტეში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოელს არ შეუძლია ეგვიპტელ ქალთან შეუღლება, თუ მათ შორის ათ წელზე მეტი ასაკობრივი სხვაობა არ არის, ადგილობრივი “მეწარმეები” უამრავ ყალბ დაბადების მოწმობას ამზადებენ.
“საზაფხულო ქორწინებებს” იურიდიული ძალა არ აქვთ და ავტომატურად ირღვევა იმ მომენტში, როცა ტურისტი ეგვიპტეს ტოვებს.
არსებული მონაცემებით, არასრულწლოვანი ცოლის ღირებულება, რომელიც არსებითად სექსუალური მონაა და იმავდროულად, თავისი ქმრის მოახლე, 500-5000 დოლარამდე მერყეობს, გარეგნობას გააჩნია.
ძირითად შემთხვევაში, გარიგებების ინიციატორები გოგონების მშობლები არიან, რომელთაც არ მიაჩნიათ საჭიროდ, გოგონა ჩააყენონ საქმის კურსში. არცთუ იშვიათად, პატარძლებს გულწრფელად სჯერათ, რომ ეს “ნამდვილი” ქორწინებაა და ქმრის გამგზავრება მათთვის დიდი დარტყმაა.
თუ “საზაფხულო ქორწინების” შედეგად ბავშვი ჩნდება, ახალგაზრდა დედები, როგორც წესი, მათ ბავშვთა სახლებში აბარებენ. ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, ავსებს ასობით ათასი უმუშევრის რიგებს, რომლებითაც სავსეა ეგვიპტური ქალაქების ქუჩები.
“საზაფხულო ცოლებს” საზოგადოებაც ემიჯნება – ისინი პირად ცხოვრებას ვეღარ იწყობენ, როგორც საჭიროა და ბევრი მათგანი მეძავი ხდება, არაბ ტურისტებს ემსახურება ან ადგილობრივ სუტენიორს მიჰყვება ცოლად, რომელიც ქორწინებას თავისი ბიზნესისთვის საფარად იყენებს.
წყარო: etanews.ge