ვარკეთილის მეტროსთან მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი ლექსებს წერდა და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებდა.
როგორც მისი ლექსებიდან ჩანს, ბექას განსაკუთრებით უყვარდა გაზაფხულსა და ქალბატონებზე წერა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი პოლიციელი ასევე შესანიშნავად მღეროდა.
"გურია ნიუსი" მარგიშვილის რამდენიმე ლექს გთავაზობთ.
"madame"
დრო როგორ გარბის… დრო როგორ გარბის…
წლები დაღალეს ურჩმა ქარებმა.
ვერ მოვასწარი თქმა სერენადის,
ასე რომ მთხოვეს შენმა თვალებმა.
როგორ მახარებს წუთისოფელი…
როგორ მაღონებს მასში ოცნება.
მიიკლაკნება გველივით დროის
მშვენიერება და საოცრება.
თუ გარდავიდა წყეული ღამე,
მზით ნაფერები ნაპირებიდან,
გეტყვი,რომ შენ ხარ ჩემი "madame",
გაზაფხულთათვის–აპრილებიდან.
. . .
მარტისფერებო…გთხოვთ, მოწყალებას.
თქვენზე მლოცველი დავთმე იები,
ო,რომ იცნობდეთ ჩემს მოკრძალებას,
მერე, უთუოდ, მაპატიებდით.
ვიწამე მხოლოდ ეს აღტაცება,
ქალი დემონი ან ქალი ღმერთი,
ო,რომ მიცნობდეთ, ამ გატაცებას და
ამ განწყობას, მაპატიებდით.
არ შემიძლია, ასე უბრალოდ
ქალს დავულოცო ხმა და სინაზე,
თორემ ჩაივლის გრძნობა უკვალოდ,
როგორც წარმართის ფიქრი წირვაზე.
ვიწამე მხოლოდ ეს აღტაცება…
თქვენზე მლოცველი დავთმე იებიც,
მაგრამ ლექსებით თქვენს გატაცებას,
რა ვქნა, ვერავის ვაპატიებდი!..
მარტი
ისევ მოღელავს შეშლილი მარტი…
სულში დაზამთრდნენ გაზაფხულები.
მოგონებებში ქალის ნავარდი,
ჰგავს მელოდიას არდაბრუნების.
გული ცემს წუთის გამოტოვებით
და მარტოხელა ქარის თარეში,
მაგონებს სცენას გამოთხოვების…
გამოთხოვებას ცრემლის გარეშე.
————————————-
ისე ახლოა სულის ნათელთან,
შენი თვალების თბილი ოცნება…
. . .
დავიკარგები, წავალ და წავალ…
ნეტავ იცოდე, რარიგ ვეწამე…
თუ მეტყვი, კარგო, დღეს რისთვის დავალ,
ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.
ნუ მეტყვი ნუგეშს, მაინც არ მჯერა
ადამის მოდგმის ფერისცვალების.
გაზაფხულს ველი, ჩემო, ამჯერად,
რომ დავიბადო გარდაცვალებით!
არც ისე ცუდად, არც ისე კარგად,
არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი.
მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს,
როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.
როს მშობიარე ხეების ტანში
დაიბერება ვნება აპრილის,
დაიყვავილებს…და მერე ქარში,
ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.
როს მომღიმარი მზეები ციდან,
გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის
და ამოხეთქავს დედამიწიდან
მწვანე სიმბოლო მარადისობის!
გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა…
და ახლაც მოვალ, მოვალ წვალებით.
მე ნარიყალას გავცქერი მუდამ,
ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით.
ბექა მარგიშვილი