1 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა. მრავალსაკითხიანი დღის წესრიგიდან, პირველი საკითხის _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", ირგვლივ საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული რესურსის მთლიანი მოცულობა შეადგენს 130, 5 ათას ლარს. შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსიდან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ 85,0 ათასი ლარიდან, ლაითური-მერიის დამაკავშირებელი ხიდის ნარჩენი სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზისთვის 15 ათასი ლარი დაიხარჯოს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია მაგნეტიტის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის 1 287 486 ლარის ღირებულების ნაგვის შემკრები აღჭურვილობის მოწოდება. ის გადაეცემა ა(ა)იპ "მუნიციპალური მომსახურების ცენტრს", რომელსაც გამოთავისუფლებული თანხიდან გამოეყოფა სიმბოლური თანხა _ 50, 0 ათასი ლარი. ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად გათვალისწინებული 40,0 ათასი ლარიდან 20 ათასი ლარის დამატება სხვა მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენის მუხლში, გეგმით გათვალისწინებული 56,6 ათას ლარზე. 76, 6 ათასი ლარით დაფინანსებული იქნება დაბა ურეკში ორი ერთეული სიჩქარის განმსაზღვრელი რადარის და ორი ერთეული ვიდეოთვალის კამერის შეძენა-დამონტაჟების ხარჯებით.
მამაკაიშვილმა განმარტა, რომ სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილი 1 342 237 ლარით გაიზარდა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის" გამოიყო.
დადგენილებაში ცვლილების შეტანის წინააღმდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი წავიდა, რასაც დეპუტატ ლელა ნაცვალაძის რეპლიკა მოჰყვა: _ დემაგოგიას არ ეშვებით, თქვენზე ყველაფერი არ მალაპარაკოთ, _ თქვა ნაცვალაძემ.
"შენ დემაგოგია არ გაკლია და თქვი, რა გაქვს სათქმელი. "ნაციონალურ მოძრობას" თუ ჰქონდა შეცდომები, ხალხმა გადაირჩია ის და ახლა აქ მე რატომ მედავები, რაიმე დანაშაული ხომ არ მიმიძღვის?" _ შეეპასუხა კოლეგას გოგოტიშვილი.
ხმამაღლა მოსაუბრეები მალე დაწყნარდნენ, თუმცა, დეპუტატმა ბიძინა გობრონიძემ კოლეგას რჩევა მისცა: "გარეთ გასვლას რომ მთავაზობ ერთი ერთზე, პირადად, მე გარეთ ოჯახს მოგიკითხავ, აქ კი საქმეზე ვდაობთ და როცა არ გაქვს სალაპარაკო, ნუ ხმაურობ".
საბოლოოდ, დადგენილებას კენჭი დადებითად უყარეს.
საკრებულოს ფრაქცია "ძლიერი სოფლის" გაუქმების თაობაზე დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ისაუბრა. მანვე ილაპარაკა დღის წესრიგის მომდევნო საკითხებზე: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია: "კოალიცია ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" და "კოალიცია ქართული ოცნება-კონსერვატორების" რეგისტრაციის შესახებ. განმარტა, რომ ფრაქციების დასარეგისტრირებლად წარმოდგენილი მასალები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის რვა სამსახურმა წარმოადგინა თავისი ანგარიში, რაც დეპუტატებმა კმაყოფილებით მოისმინეს, კენჭისყრით დაეთანხმნენ და, საბოლოოდ, ხმაურით დაწყებული სხდომა მშვიდობიან ნოტაზე დასრულდა _ დეპუტატები ერთმანეთს ბედნიერი აღდგომის დღესასწაულის მოლოდინში ურთიერთმილოცვით და ღიმილით დაემშვიდობნენ.