"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების მასობრივად წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე არასრულწლოვანებიც იქნენ ჩათრეულნი ამ პროცესში. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ საჭიროა ყველანაირად მხარში დავუდგეთ უხუცესთა საბჭოს მოთხოვნას, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ და ახალგაზრდები არ ხვდებოდნენ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას დროულად უნდა გაეკეთებინა რეაგირება, მაშინ როდესაც პირველი ინფორმაცია გამოჩნდა, იმის თაობაზე რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს მხარეს.
"სახელმწიფო რომ თავის ადგილზე და თავის სიმაღლეზე იყოს, ეს ვერ მოხდებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყურადღება იქნას მიქცეული საქართველოდან არასრულწლოვანების გასვლის შემთხვევებზე."
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი თვლის, რომ პანკისელი მოქალაქეების ნაწილი შეცდომაში არიან შეყვანილი, სავარაუდოდ მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ახალაგაზრდებს ფულად დახმარებას სთავაზობენ.
"ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე, რომ ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენი მოქალაქეები არ უნდა იყვნენ მასში ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული კონფლიქტმა ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, მოხდეს გარკვეული ტიპის ტერაქტები, გატაცებები და სხვა. ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს ამ პროცესის შეჩერება რთული იქნება," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.