საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ განხილვა დაიწყო.
კოდექსით შემოთავაზებულ სიახლეებს, მიდგომებს და საკანონმდებლო ნორმებს პირველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაეცნო.
პროექტი კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარუდგინა.
მისი განცხადებით, კოდექსის პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტში საფუძვლიანად აისახა მოქმედი ხელისუფლების ნება, რაც საქართველოში ბავშვთა უფლებების მეტად დაცვას წარმოადგენს.
მინისტრის ინფორმაციით, კოდექსით შემოთავაზებული მართლმსაჯულება არასრულწლოვნებს გამოსწორების და ახალი ცხოვრების დაწყების შანსს მისცემს.
კოდექსით გათვალიწინებულ ნორმებზე საუბრისას, თეა წულუკიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში სპეციალიზირებული მოსამართლეების და პროკურორების ჩართულობას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ნოვაციას წარმოადგენს ასევე ალტერნატიული სასჯელები, კერძოდ კი, შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შემოღება.
წარმოდგენილ კოდექსის პროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა სასა გრუმანმა და პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს.
განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმაც მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა მოახსენა ასეთი მნიშვნელოვანი კოდექსის მომზადებისთვის და აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც მოწმობს გასული წლის ბავშვთა წლად გამოცხადება.
რაც შეეხება უშუალოდ კოდექსს, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ ვალდებულებად აიღო ევროპული სტანდარტის დოკუმენტის მომზადება, რასაც ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა, კომიტეტზე კოდექსის პროექტის განხილვით კი დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ ეს ვალდებულება წარმატებით შეასრულა. კოდექსზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე მუშაობა მეორე მოსმენამდე აქტიურად წარიმართება და მის მუხლობრივ განხილვამდე შესაძლოა კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებებიც აისახოს. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს და პირველი მოსმენით მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.