ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი შუხუთი ტრადიციულ "ლელობურთს" მასპინძლობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და შუხუთში სტუმრებსაც ელიან, მოსაწვევები უკვე დარიგებულია ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, სტუმრები თბილისიდანაც იქნებიან.
სადღესასწაულო ღონისძიებებს წელს ორგანიზებას მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური და კულტურის ცენტრი ერთობლივად უწევენ.
თუ რა სახის ღონისძიებები დაგეგმილი ამ დღეს, ამის გარკვევა "გურია ნიუსმა" კულტურის ცენტრის მთავარ სპეციალისტთან ღონისძიებების დარგში ლია ურუშაძესთან სცადა.
"ღონისძიებას ზუსტად თორმეტ საათზე საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გახსნის, ხოლო შემდეგ შეჯიბრი შედგება ქართულ ჭიდაობაში. ყოველივე ამის შემდეგ მოხდება სპორტულ შეჯიბრებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებებს ერთობლივად კურატორობას უწევენ გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სოფიო ჩხაიძე და სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი მინდია დვალიშვილი.
სპორტული სანახაობების შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიება სოფლის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს. ადმინისტრაციის ეზოში გაშლილი იქნება სუფრა, რომელსაც თამადა უხელმძღვანელებს, იქნება ტრადიციული სადღეგრძელოები და დალოცვა. ყველა სტუმრის მიღება აქ მოხდება, რომელთაც ანსამბლების "მხედრები" და "ხელხვავი" საგანგებოდ შერჩეული სიმღერებით მიეგებებიან. "მხედრები" ადმინისტრაციის შენობასთან იქნება, "ხელხვავი" ფერმერთა სახლში და სიმღერებს ექნება ერთგვარი ურთიერთგადაძახილის სახე. ყველაფერი ეს სამ საათამდე გასტანს, რის შემდეგაც ანსაბლ "ბანის" კონცერტია დაგეგმილი. სწორედ კულტურული ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დაიწყება მზადება უშუალოდ "ლელოსთვის". ბურთი დადებული იქნება ფერმერთა სახლში, საიდანაც მას სამეული: სოფლის მოძღვარი, სოფლის უხუცესი წევრი და უხუცესი "ლელოს" მოთამაშე გამოიტანენ. ისინი ბურთს მოედანთან მიიტანენ, გავარდება თოფი და ზუსტად ხუთ საათზე ავარდება ბურთიც", – გვითხრა ურუშაძემ.